„რესპუბლიკური“ პარტია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს - ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განცხადება გააკეთა.
დღეს "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერები გრიგოლ ვაშაძის შტაბში მივიდნენ და ვაშაძეს რული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„ჩვენ მოვედით, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძის მიმართ. „რესპუბლიკური“ პარტია მას მხარს უჭერს. მოვედით, რომ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც საერთო ინტერესის საგანია. მათ შორის, ისეთი საკითხები, როგორიცაა რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს რომ პრეამბლუაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები ნატო და ა.შ. რაც არის კონსტიტუციაში მაგრამ პრეამბლუაში არ არის. ასევე, ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ვინც არიან შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულები, პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს. გარდა ამის, საუბარია სერიოზულ ცვლილებებზე სასამართლო სისტემაში. გრიგოლს აქვს მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით. მათ შორის, უცხოელების ჩართულობა ამ საკითხებში" - განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ იმ რესურსების ფარგლებში დაუჭერს "რესპუბლიკური პარტია" მას მხარს, რაც გააჩნიათ.
მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია მის აქტივში არსებული სრული რესურსით გრიგოლ ვაშაძეს მხარს დაუჭერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთიანდება.
„ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში. გაერთიანებულ ოპოზიციასთან სხვა საკითხებზე კავშირზე არ გვქონია საუბარი,“- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, პატიობს თუ არა "ნაციონალური მოძრაობას", იმ ჩანაწერების გამო ბრალდებებს, რომელიც 2007 წელს გამოქვეყნდა, ბერძენიშვილმა ასე უპასუხა:
"თავის დროზე გამოქვეყნდა ჩემი საუბარი რუსეთის საელჩოსთან, რომელიც ფარული არანაირად არ იყო. ღიად იყო საუბარი იმაზე, გამოდის თუ არა საქართველო ესენგედან. მე მივმართე ბატონ გრიგოლს თავის დროზე ფეისბუქით და მადლობელი ვარ, რომ ყურადღება მიაქცია და . ეს დამთავრდა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ თავისი ეს საქციელი არ მიაჩნია სწორად. ბოდიშს ვინც მოიხდის, უნდა აპატიო. არ არის იოლი, ასე მოქცევა, სერიოზული ნაბიჯი იყო ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან" - განმარტა „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა.
მისი თქმით, პროგნოზი არის ის, რომ ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს და გრიგოლ ვაშაძე გახდება ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი.