დავით უსუფაშვილი არჩევნებში მხარს არავის დაუჭერს - "არცერთი იმსახურებს ამას"

17:39 11-02-2018
108

"არჩევნებში არავის ვუჭერ მხარს, რადგან არცერთი იმსახურებს" - ამის შესახებ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მთავარია ქვეყანა კონსტიტუციური განვითარების გზიდან არ გადავიდეს, თუმცა საჭიროა, რომ სხვის პოზიციას ყველამ პატივი სცეს, მათ შორის, "რესპუბლიკელების" მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის კუთხითაც:

"ყველას მივმართავ, თავი შეიკავონ ტოტალიტარული აზროვნებისგან, როდესაც სხვის პოზიციას მოღალატეობრივად აფასებენ. მრავალპარტიულობა სწორედ იმას ნიშნავს, სხვადასხვა პარტიებს სხვადასხვა პოზიციები რომ აღმოაჩნდებათ ხოლმე. ტოტალიტარიზმია ის, როდესაც ერთი პარტია ყველას ჭკუას ასწავლის და ეუბნება, როდის საით უნდა წავიდეს. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ, მჯერა, რომ ამ ქვეყნაში გაცილებით მეტია პოლიტიკოსი, ვისაც ქვეყნის წარმატება უნდა, პოლიტიკოსებმა ყველგან, ვისაც სად რა შეგვიძლია, უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ქვეყანა კონსტიტუციური განვითარების გზიდან არ გადავიდეს.

ჩემი პოზიციაა, რომ ამ არჩევნებში არავის ვუჭერ მხარს, რადგან არცერთი იმსახურებს ამას და იმაზე ვფიქრობ, ქვეყანა როგორ გადავარჩინოთ. იმ კრიზისს, რომელიც მას ელის მეორე ტურის ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოზიცია და ჩემი პოლიტიკური აზრი ამას უკავშირდება. ამასობაში, ყველა, ვინც მოღალატეს უწოდებს ამა თუ იმ მხარეს დამდგარ ადამიანს, არის ამ ქვეყნისთვის დიდი ხიფათის მომტანი. ყველა, ვინც ადამიანს უწუნებს სამშობლოს სიყვარულს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ან ის კანდიდატი მოსწონს, ზიანს აყენებს ქვეყანას. მე ჩემი პოზიცია გამოვაცხადე და ვთქვი, რომ ამ არჩევნებში ორივე კანდიდატმა დაგვიდასტურა, რომ საზოგადოების შემდგომ გაყოფას შეუწყობენ ხელს. ამ პროცესში ყველამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი, მაგრამ მე ყველას მივმართავ, თავი შეიკავონ ტოტალიტარული აზროვნებისგან, როდესაც სხვის პოზიციას მოღალატეობრივად აფასებენ და ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა დაინიშნოს. ერთმანეთს დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც "ქართული ოცნება" უჭერს მხარს - სალომე ზურაბიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

ავტორი: