ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რესპუბლიკური პარტიის პატრიარქისადმი დამოკიდებულების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, ემიჯნება თუ არა რესპუბლიკელების მოსაზრებებს, რომლებიც პატრიარქის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ ხოლმე, გრიგოლ ვაშაძემ არ შეაფასა და მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
ვაშაძე თანაგუნდელებთან: ნიკა რურუასა და შტაბის უფროს გიორგი ვაშაძესთან ერთად პატრიარქს შეხვდა. მისი განმარტებით, შეხვედრა მათი ინიციატივით შედგა და არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიანად ჩატარებაზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე რესპუბლიკურმა პარტიამ კამპანიის მთავარ სამიზნედ საპატრიარქო აირჩია. რესპუბლიკელები კატეგორიულად მოითხოვენ საპატრიარქოსთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას. ამასთან, პარტია პატრიარქს, მღვდელმთავრებსა და სხვა სასულიერო პირებს რუსული ინტერესების გატარებაში ღიად ადანაშაულებს.
საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა რესპუბლიკურმა პარტიამ გუშინ გამოუცხადა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე გაიმართება.