"რესპუბლიკელების მოსაზრებებს არ ვიზიარებ" - გიორგი ვაშაძე საპატრიარქოზე

14:16 11-03-2018
465

"რესპუბლიკელების მოსაზრებებს არ ვიზიარებ" - ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვას "რესპუბლიკური პარტიის" საპატრიარქოსადმი დამოკიდებულების შესახებ.

საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მისი შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძესა და ნიკა რურუასთან ერთად პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამივე მათგანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. კითხვაზე, რა მოსაზრება გააჩნიათ, "რესპუბლიკელების" შეფასებაზე, რომ საპატრიარქო რუსული ინტერესების გამტარებელია და მათ საბიუჯეტო დაფინანსება უნდა შეუწყდეთ, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა და კითხვის დასრულებამდე დატოვა მიმდებარე ტერიტორია.

საკუთარი მოსაზრება ჟურნალისტებს მისი შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გააცნო:

"არ ვეთანხმები "რესპუბლიკელების" ამ პოზიციას. ვფიქრობ, რომ საპატრიარქოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის განვითარების პროცესში. უწმინდესს აქვს უდიდესი წვლილი და როლი იმისთვის, რომ მშვიდობიანად და წყნარად მოხდეს გარდაქმნები და მათ შორის, პოლიტიკური გარდაქმნები" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე "რესპუბლიკურმა პარტიამ" კამპანიის მთავარ სამიზნედ საპატრიარქო აირჩია. "რესპუბლიკელები" კატეგორიულად მოითხოვენ საპატრიარქოსთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას. ამასთან, პარტია პატრიარქს, მღვდელმთავრებსა და სხვა სასულიერო პირებს რუსული ინტერესების გატარებაში ღიად ადანაშაულებს.

საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა "რესპუბლიკურმა პარტიამ" გუშინ გამოუცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე გაიმართება.

ავტორი: