"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ახლა გაიგეს, რომ ქვეყანაში 150 000 ბავშვი შიმშილობს, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძის ინიციატივას.
„პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მხრიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. როგორც ჩანს, მათ სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში და ბიუჯეტში, თურმე შესაძლებლობა ყოფილა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და დასძინა, რომ პარლამენტში შეტანილ ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული არ არის.
"ბიუჯეტის პროექტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიტანა, არც ერთი ეს ინიციატივა გათვალისწინებული არ არის. მაშინ რა ხდება, რატომ აკეთებს ახლა ამ ყველაფერს და რატომ ამბობს ახლა ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“?! იმიტომ, რომ ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - მათ ეშინიათ სკამების დაკარგვის" - დასძინა ვაშაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.