აკაკი ზოიძე- არც ერთ ვაშაძეს ინფორმაცია არ აქვს, რომ  შშმ პირთა და ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამები გაზრდილია

17:04 11-03-2018
102

იქ ბევრი ვაშაძეა, მაგრამ არც ერთ ვაშაძეს ინფორმაცია არ აქვს იმის თაობაზე, რომ შშმ პირთა და მათ შორის, ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამები მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია 5 300 000-ით, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს ქართული ოცნების ოფისში განუცხადა.

ზოიძე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, მთავრობის მიერ დაანონსებულ სოციალური დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბევრი ბავშვია უკიდურეს სიღარიბეში, თუმცა მთავრობა ასეთი სიღარიბიდან ამოყვანას მიზნობრივად მიმართული 70 მილიონით მოახერხებს. მისი თქმით, ამაზე მუშაობა მამუკა ბახტაძის მთავრობაში მოსვლიდან დაიწყო.

„იქ ბევრი ვაშაძეა, მაგრამ არც ერთ ვაშაძეს ინფორმაცია არ აქვს იმის თაობაზე, რომ შშმ პირთა და მათ შორის, ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამები გაზრდილია 5 300 000-ით მომავალი წლის ბიუჯეტში, რომ ეს უკვე ჩადებული იყო იმ ბიუჯეტში, რომელიც შესული იყო სექტემბერში, პარლამენტში. ის, რომ ეს პროგრამა ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა და ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის დროს საერთოდ არანაირი პროგრამები არ იყო, რომელიც დაეხმარებოდა შშმ ბავშვებს ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში, ან თუ იყო ძალიან მცირე მოცულობით, ეს ალბათ, ბატონმა გიორგიმ არ იცოდა. მე არ მჯერა, რომ ის მოიტყუებოდა, შესაბამისად, ალბათ, ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. პროგრამების უმეტესობა, რომელზეც ვსაუბრობთ, გათვალისწინებულია ბიუჯეტში. კონკრეტულად ეს ინიციატივა სამუშაო პროცესში იყო“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ამასთან, აკაკი ზოიძის თქმით, ვერანაირ ცუდს ვერ ხედავს იმაში, რომ კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე მთავრობის მხრიდან საუბარი არჩევნების წინ ხდება.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ახლა გაიგეს, რომ ქვეყანაში 150 000 ბავშვი შიმშილობს“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფიგნზე განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას გამოეხმაურა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებასთან დაკავშირებით.