არჩევნების პირველი ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუთმა პროფესიული განვითარების კვირეულის ყოველწლიური საერთაშორისო კონფრენციის დაწყებამდე განაცხადა.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთოს სადამკვირვებლო საარჩევნო მისიის შეფასებას, რომ არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ამომრჩევლებს ჰქონდათ არჩევანი და საშუალება დაეფიქსირებინათ თავისი ნება. ჩვენი საელჩო იზიარებს ასევე იმ საკითხებს და პრობლემებს, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე ხარვეზების სახით. იმედი გვაქვს, რომ ეს ხარვეზები მეორე ტურში გამოსწორდება. ჩვენ არჩევნებს ვუყურებთ, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას , რომ საქართველომ წარმოაჩინოს თავისი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა" - განაცხადა ელიზაბეთ რუთმა.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ასევე ისაუბრა პროფესიული განათლების კვირეულზე, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში განათლების გაუმჯობესებას და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.
"ამერიკის მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ხელს უწყობს საქართველოში განათლების გაუმჯობესებას და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვაფინანსებთ პროფესიული განათლების კვირეულს და ამ კონფერენციას. ეს ღონისძიება წარმოაჩენს ჩვენი პარტნიორების წარმატებებს პროფესიული განვითარების სფეროში და მათ შორის ახალ 50 სასწავლო პროგრამას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არიან წარმოდგენილი ამერიკული კორპორაცია და ბრიტანეთის ავიახაზები. ამ კომპანიიდან წარმოდგენილი ექსპერტები განათლების სფეროში გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას", - განაცხადა რუთმა.