გირგვლიანის მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ სასამართლომ დათა ახალაია დამნაშავედ ცნო

11:40 11-05-2018
2236

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

გასულ კვირას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილი დირექტორი დათა ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გირგვლიანის ოჯახი ამ საქმის მთავარ ფიგურანტად სწორედ დათა ახალაიას ასახელებდა, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, თუმცა მის მიმართ განაჩენი მხოლოდ გირგვლიანის მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ დადგა. კუდის ყოფილ შეფს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. 

მკითხველს შევახსენებთ, რომ 2012 წლის შემდეგ, განახლებული გამოძიების ფარგლებში, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების,  დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბებისა და ციხეში მსჯავრდადებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 8 პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას მიმართ.  

პროკურატურის მტკიცებით, დათა ახალაიას წინააღმდეგ გირგვლიანის მრავალტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულება და ჩვენება დევს. მათ შორის გახლავთ გრიფით „საიდუმლო“ წერილი #16, რომელიც 2006 წლის 24 თებერვლით თარიღდება და რომელსაც ხელს აწერს კუდის მაშინდელი დირექტორი დათა ახალაია. ახალაია ვანო მერაბიშვილს საიდუმლო წერილს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით უგზავნის. კუდის უფროსი მერაბიშვილს იმ ვერსიის შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელი ვერსიითაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა ამ საქმის გამოძიება. დათა ახალაია საიდუმლო გზავნილში წერს, რომ შემთხვევის დროს ის მეგობრებთან ერთად „შარდენბარში“ იმყოფებოდა, თუმცა საქმეში კუდის თანამშრომლების მონაწილეობის შესახებ გაუჩნდა ეჭვი. ამავე წერილში კუდის დირექტორი ვანო მერაბიშვილისგან ითხოვს თანხმობას აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ვინაიდან მოპოვებული მონაცემები „იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ სანდრო გირგვლიანისა და მისი მეგობრის, ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაკები“.

როგორც უკვე გითხარით, ეს გრიფით „საიდუმლო“ წერილი დათა ახალაიამ ვანო მერაბიშვილს 2006 წლის 24 თებერვალს მისწერა. ანუ კუდის უფროსი შს მინისტრს გირგვლიანის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ იმ ვერსიას აცნობს, რომლითაც შემდგომში უნდა წარმართულიყო გამოძიება, თანაც ისე, რომ დათა ახალაია არათუ დანაშაულის თანამონაწილედ უნდა წარმოჩენილიყო, არამედ პირიქით – ადამიანად, რომლის დამსახურებითაც გაიხსნა ეს საზარელი დანაშაული. 

მოვლენები მართლაც ამ სცენარით წარიმართა და დათა ახალაიამ მინისტრისგან ამ საქმის „გახსნისთვის“ მადლობაც კი დაიმსახურა. 

რეალურად კი ეს დანაშაული თბილისის პოლიციის მთავარმა სამმართველომ, მერაბ ბაღათურიას ხელმძღვანელობით, გირგვლიანის მკვლელობიდან მეორე დღესვე გახსნა. ბაღათურიამ საქმეში დათა ახალაიას ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილს მიაწოდა და უწყების პირველი პირისგან შემდგომ მითითებებს ელოდა, თუმცა მოულოდნელად საქმე პროკურატურას გადაეცა, შსს-ში კი მერაბ ბაღათურიასა და მისი გუნდის შევიწროება დაიწყო. ამის შესახებ გირგვლიანის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში თავად თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრეს. 

 

„მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ადგილზე, გარდა კუდის დაკავებული თანამშრომლებისა, უნდა ყოფილიყვნენ ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია. მე გარკვეული გეგმაც მქონდა მოფიქრებული, როგორ უნდა განმეხორციელებინა მათი დაკავება და პასუხისგებაში მიმეცა ყველა ზემოჩამოთვლილი პირი, თუ ამის საშუალება მომეცემოდა. ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი კარგად ხვდებოდა, ვისზე შეიძლებოდა გასულიყო გამოძიება საქმის მასალებით, ამიტომაც მოხდა საქმის სასწრაფოდ პროკურატურაში წაღება“, – ამბობს მერაბ ბაღათურია.

„სანდრო გირგვლიანის საქმე მისი მკვლელობიდან მეორე დღეს უკვე გახსნილი იყო“, – ეს კი მერაბ ბაღათურიას მოადგილის, დავით კუპატაძის სიტყვებია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გირგვლიანის საქმე გამოიძია. კუპატაძის თქმით, როდესაც მერაბ ბაღათურიას მოახსენა დამნაშავე პირების შესახებ, ბაღათურიამ უპასუხა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მინისტრისთვის, ვანო მერაბიშვილისთვის უნდა მიეწოდებინა. მისივე თქმით, მერაბ ბაღათურიამ მინისტრისგან პასუხად მიიღო, რომ ინფორმაცია პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უნდა ეცნობებინა.

„ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა. ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსს, მერაბ ბაღათურიას გაუთავისუფლეს თანამშრომლები, შემდეგ თავადაც გაათავისუფლეს და მეც“, – აღნიშნა კუპატაძემ სასამართლოში დაკითხვის დროს.

პროკურორის კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს ისინი, კუპატაძემ უპასუხა: „ალბათ, ეს საქმე გამოძიებული არ უნდა ყოფილიყო და იმიტომ“.

„ამის შემდეგ საქმე წაიღეს, წინასწარ საკნები გაუმზადეს და მოხდა დამნაშავეების ნაწილის – ბიბილურიძის, ღაჭავას, გია ალანიასა და ფოფხაძის ე.წ. დაკავება“, – აღნიშნა კუპატაძემ.

როგორც მოწმემ პროცესზე განაცხადა, დაკავებულები საკანში განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებოდნენ.

„მათთან ახლობლები შედიოდნენ და საჭიროების შემთხვევაში, თვითონაც ტოვებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სხვა პირების კი, ვინც მკვლელობის ღამეს სუფრასთან ისხდნენ – მელნიკოვი, ახალაია, სანოძე და სხვები, დაკავება არ მომხდარა“, – აღნიშნა კუპატაძემ.

როგორც კუპატაძე აცხადებს, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა მერაბ ბაღათურიას შინაგან საქმეთა მინისტრთან, მინისტრი კი, თავის მხრივ, ინფორმაციას მაშინდელ პრეზიდენტს აწვდიდა.

გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და დავით ახალაიასთვის ბრალდების გამოტანა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში მოხდა, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელმაც განმარტა შემდეგი: „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები კერძოდ:  შსს – გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა – გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი – მსჯავრდადებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები – არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდადებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი – მსჯავრდადებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“. 

პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, თბილისში, კაფე-ბარ „შარდენბარში“, სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე. 

„გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

დანაშაულში დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ივანე მერაბიშვილის, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩანა ახალაიასა და მისი ძმის დავით ახალაიას მიერ, ურთიერთშეთანხმებულად დაიგეგმა და მათზე დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით განხორციელდა  დანაშაულებრივი ქმედებები ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციისა და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად“.

სასამართლოს განაჩენით დგინდება, რომ ვანო მერაბიშვილმა საქმის გამოძიების ხელმძღვანელობა დაავალა თავად დანაშაულის ორგანიზატორს დავით ახალაიას.

თავის მხრივ, ახალაიამ, 2006 წლის თებერვლის მეორე ნახევარში, გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები შეკრიბა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო იყო რამდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა, არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სანაცვლოდ კი თითოეულ მათგანს დაჰპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელისგან ხანმოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ.  

„ასევე, თითოეულს დაჰპირდა საპატიმროში ყოფნის პერიოდში, ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ თანხებსა და სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგირებული პირობების შექმნას. 

აღნიშნულის შემდგომ ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიასა და შს სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება იმგვარად დაიგეგმა და წარიმართა, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ მხოლოდ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს, ხოლო დავით ახალაია და სხვები უკანონოდ აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან. დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, ამავე დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ხოლო დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილე – დავით ქოქიაშვილი საერთოდ განრიდებულ იქნა საქმიდან“, – აცხადებენ პროკურატურაში.   

უწყების ინფორმაციით, დავით ახალაიას მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად  და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს ე.წ. „მოდულის“ შენობაში არსებულ წინასწარი დაკავების საკანში, იქეიფა მათთან ერთად საკანში გაშლილ სუფრასთან, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ და უთხრა, რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დავით ახალაიას მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდეც.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად ჯანმრთელობის დაზიანების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გერონტი ალანიას – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და ექვსი თვით, ხოლო მიხეილ ბიბილურიძეს, ავთანდილ აფციაურს და ალექსანდრე ღაჭავას – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით.

„აღნიშნული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბაჩანა ახალაიას ძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით. გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე, აღნიშნულ დანაშაულში დავით ახალაიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ თითოეულს 100 000 აშშ დოლარი. 2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდადებულებს – გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა პირობით ვადამდე გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც“. 

პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის ხელახალი გამოძიების პროცესში სამართალდამცველები დათა ახალაიას მიერ ანალოგიური ხელწერით განხორციელებული კიდევ ერთი დანაშაულის კვალზე გავიდნენ. 

„2005 წლის სექტემბერში, მოქალაქე ვ.ა.-სთვის მეგობარი ქალისგან ცნობილი გახდა, რომ  მას მობილურ ტელეფონზე, „დათოს“ სახელით, უცნობი მამაკაცი უკავშირდებოდა და  შეხვედრას სთხოვდა. 2005 წლის 2 ოქტომბერს, დავით ახალაიასა და ვ.ა.-ს შორის  სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ვ.ა.-მ მას მოსთხოვა, რომ მისი მეგობარი გოგო აღარ შეეწუხებინა. ხსენებული  სატელეფონო საუბარი შეკამათებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის გამოც, განაწყენებული დავით ახალაიას ორგანიზებითა და უშუალო მონაწილეობით 2005 წლის 5 ოქტომბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი რესურსის გამოყენებით, თავისუფლების მოედნიდან ვ.ა. და მასთან მყოფი მეგობარი კ.დ. გაიტაცეს,  ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს და დასჯის მიზნით, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი დაზარალებულები სასტიკად გააფრთხილეს, რომ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, როგორც მათი, ისე მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდებოდა ლიკვიდაცია, რის გამოც მათ აღნიშნული ფაქტი პოლიციაში არ განუცხადებიათ. სასტიკად ნაცემი ვ.ა. ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა განხორციელებული მუქარის შიშით ვ.ა.-მ  მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და შემდგომი ერთი თვის განმავლობაში ოჯახში მკურნალობდა. მოცემული საქმის სასამართლო განხილვისას დაკითხული იქნა სახელმწიფო ბრალდების 60-მდე მოწმე და გამოკვლეული იქნა 32 ტომად წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები“, – აცხადებენ პროკურატურაში.