მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქდა

16:04 11-05-2018
138

თბილისში, საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქდა. სახელმწიფო ბრალდება  მორჩაძეს ახლა უკვე მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავება.

საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან დასტურდება კონკრეტულ მოწმეზე ზემოქმედება, რათა ამ მოწმეს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე შეეცვალა ჩვენება.

"დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის განხილვა მოხდა. შუამდგომლობა შეეხებოდა ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალის შეცვლას. სასამართლომ საბოლოოდ ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება რაც გულისხმობდა სსკ-ის 372 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას, შეიცვალა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით. ბრალდებულს პირველი მდგომარეობით ბრალი ედებოდა მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებაში, რაც მოწმის მოსყიდვას გულისხმობს.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდება შეიცვალა პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებას რათა ამ მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია სასამართლო პროცესზე შეცვალოს. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ბრალდებულის ჩვენება და საბოლოო ჯამში ყველა მტკიცებულებით და მათ შორის, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით მიგვაჩნია, რომ დასტურდება ბრალდებულის მხრიდან კონკრეტულ მოწმეზე ზემოქმედება, რათა ამ მოწმეს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე შეეცვალა ჩვენება.

რაც შეეხება მოწმის მოსყიდვის ფაქტს, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ბრალდებულის მხრიდან მოწმისადმი თანხის გადაცემას, თუმცა ამის მიზანი არ ყოფილა მოწმის მოსყიდვა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ.-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით, ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.

ავტორი: