გაგი მოსიაშვილი: ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინეს, თუმცა ბრალდებას არ აღიარებს

11:19 11-06-2018
157

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ პირველ არხს ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პროკურატურამ ფარცხალაძეს ბრალი 126-ე, ცემის მუხლით ე.წ. „ელ-ცენტროს“ საქმეზე წარუდგინა.

კერძოდ, როგორც გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ცემას ედავება. საქმე ეხება შარდენის ქუჩაზე, კლუბ „ელ-ცენტროში“ ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

„ბრალი წარედგინა ცემის ფაქტზე, ე.წ. “ელ-ცენტროს” ინციდენტზე. ბატონი ოთარი ბრალს არ აღიარებს, რადგან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. თურმე ბრალის წარდგენის საფუძველი არის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც მიიღო საგამოძიებო ორგანომ. ჩვენ დავადასტურეთ, რომ არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი ჩვენი მხრიდან. განვმარტეთ, რომ პროვოცირებას ადგილი ჰქონდა ე.წ. დაზარალებულის მხრიდან და ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას. 126-ე მუხლით არის დევნა დაწყებული ბატონი ოთარის მიმართ“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი არა სამართლებრივი და პროცესუალური შეფასება, არამედ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აზრი გახდა.

„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ ბრალის წარდგენისთვის მოიხმო არა პროცესუალური ნორმები, არამედ სამწუხაროდ, აჰყვა საზოგადოებისა თუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების აზრს“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაცია გუშინ პირველმა არხმა გაავრცელა.