პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო

12:50 11-06-2018
80

პროკურატურამ „ელცენტროში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო. მისი ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია სწორი არ არის.

აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის უფლებადამცველები ითხოვენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის წარდგენილი მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალი დაუმძიმდეს.

„დღემდე ლაშა თორდიას ინტერესების დამცველ იურისტს, ეკა ქობესაშვილს არ ჰქონია შესაძლებლობა, საქმის მასალებს გასცნობოდა, ვინაიდან ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ ჰქონდა. ჩვენ არ ვიცით, რას უკავშირდება პროკურატურის ასეთი გააქტიურება, თუმცა ნამდვილად მივესალმებით, რომ გამოძიება გააქტიურდა, დაიკითხა ოთარ ფარცხალაძე. ჩვენი მოთხოვნა კვლავ რჩება ძალაში, რომ ეს საქმე უნდა მიმდინარეობდეს საქმის გამოძიება სრულიად სხვა მუხლით - 353 პრიმა მუხლით და უნდა იყოს გათვალისწინებული ის მთავარი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მოხდა თავდასხმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე მის საქმიანობასთან დაკავშირებით“- განაცხადა ლაშა თორდიას ადვოკატმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

საქმე ეხება გასულ წელს ელცენტროში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.