ნათია მეზვრიშვილი: „გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის ხდება დამამძიმებელი გარემოება“

14:06 11-06-2018
71

გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრებისა და დამამძიმებელი გარემოებების განსაზღვრის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით კანონპროექტი მომზადდა, რომელიც მთავრობის ინიციატივით დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

„საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ის ვინც დაარღვევს შემაკავებელ და დამცავ ორდერს, დღეს მოქმედი კანონით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომელიც ვფიქრობთ, რომ არ არის საკმარისი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ, ვინც შემაკავებელ ან დამცავ ორდერს დაარღვევს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე, ვინც ოჯახში ძალადობას ჩაიდენს, უფრო მკაცრად დაისჯება, ვიდრე დღეს ისჯებოდა. 2 წლამდე იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადა. 

ვინც განმეორებით ჩაიდენს ოჯახში დანაშაულს და წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი, დაეკისრება საკმაოდ მკაცრი პასუხისმგებლობა.

გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, მთელი რიგი მუხლებისთვის ხდება დამამძიმებელი გარემოება და ფემიციდთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი საუბრები მიმდინარეობდა დამამძიმებელ გარემოებად გატანაზე და ესეც შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის საკმაოდ აქტუალური საკითხია. ეს კანონპროექტი ამ საკითხსაც აგვარებს,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ნორმების დახვეწა და სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება.

ავტორი: