კესარიას მონაწილეობას მსოფლიო კონკურსზე „მის ტრანს 2018“ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ნაწილი კესოს ხუთეულში მოხვედრას ულოცავდა, ნაწილი კი აკრიტიკებდა იმის გამო რომ შედეგი ვერ დადო და ვერ გაიმარჯვა. ბარსელონიდან დაბრუნებულ კესარია აბრამიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ „პრაიმტაიმი“.
- შორიდან კრიტიკა ძალიან მარტივია, როცა ადგილზე არ ხარ და თვალყურს არ ადევნებ ამ ყველაფერს. საუკეთესო ხუთეულში გავედი 24 კონკურსანტიდან. ეს გამარჯვებაა ჩემი ქვეყნისთვის და ძალიან მიხარია. ამასთან მე ჩამოვიტანე პრიზი, გავხდი „წლის მსოფლიო ვარსკვლვი“. დამასაჩუქრეს სხვადასხვა კომპანიებმა. არ მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა „პროფილის“ ეთერში გასვლამდე, მაგრამ, ისეთ რაღაცეებს წერენ, ცოტა მეცინება. ვიღაცეებს ტელეფონით გადაღებული პატარ-პატარა ვიდეოებით გამოაქვთ დასკვნები. უბრალოდ გახსენებთ, რომ აფსოლიტურად შიშველი ხელებით გავემგზავრე. არავინ დამიდგა გვერდით, არანაირი დაფინანსება არ მქონია. არ მახლდა არც მეიქაფის სპეციალისტი, არც იმიჯმეიკერი, დიზაინერი, სტილისტი. სხვებს 10-12 ადამიანი ახლდა, რომლებიც ყოველდღიურად მათ გარეგნობაზე ზრუნავდნენ. საქართველოში მეიქაფი ჰგონიათ მხოლოდ ტონალური კრემის წასმა სახეზე. ასე არაა. მეიქაფარტისტი სხვა განზომილებაა, რაღაც საშუალებებით საერთოდ ცვლიდნენ სახის ნაკვთებს, ყურებს იპატარავებენ, ყბების ფორმას ცვლიან, რაღაც სამედიცინო წებოებით მუშაობდნენ. დილის 4 საათიდან ასეთ მზადებაში იყვნენ სხვები. მე არც ვფიქრობდი ამაზე, დილით ავდგებოდი, ჩავიცვამდი ოთახის ჩუსტებს და ჩავდიოდი რეპეტიციაზე უმაკიაჟოდ. დაბალი ყოფილაო, ჩემზე რომ წერდნენ, დაბალი კი არ ვიყავი, ძალიან დაღლილი ვიყავი ამ ქუსლებზე და დაბალ ძირზე მეცვა სულ. ფინალზეც კი ძალიან პატარა, 5 სმ-იანი ქუსლით გავედი. თმის დაბანის და მოვლის საშუალებაც არ მქონდა, რომელ ვარცხნილობაზეა ლაპარაკი, გაშლილი თმით დავდიოდი. თავად ვიკეთებდი ყველაფერს.
- თარჯიმანიც არ გყავდა? რატომ მოხდა ეს გაუგებრობა, რატომ ვერ გითარგმნეს სწორად შეკითხვა?
- არ მყავდა. ვინც ის კითხვა მითარგმნა იყო ქართველი გოგო, რომელიც დიდი ხანია იქ ცხოვრობს. ძალიან დიდი პატივი გვცა ამ გოგონამ. უბრალოდ დავიწყებული ჰქონდა ქართული ენა და კარგად ვერ მითარგმნა კითხვა. სხვა გოგონამაც თარგმნა და მანაც არასწორად. ისედაც რთული კითხვა იყო, ცოტა გაუგებარიც... რას ფიქრობთ იმაზე, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანიაო. ვერ მივხვდი, რას უნდა ვფიქრობდე, უნდა დავხოცოთ თუ...?
- სოციალურ ქსელში წერდნენ რომ კესომ კითხვის ავტორს ლამის საქმე გაურჩიაო...
- გაურჩევდი, იმიტომ რომ უკვე ძალიან გადაღლილი ვიყავი. გავცივდი, გამიშეშდა მხარი, კისერი. წამლებს ვსვამდი, ნემსებს ვიკეთბდი. 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 2 საათი არ გვეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რა არის?!
- ეს ხომ თავად გინდოდა, ამისთვის ხომ მზად იყავი...
- ასეთ რეჟიმსაც არ ველოდი. სიმკაცრე იყო, ყველა წუთი გაწერილი გვქონდა, ვარჯიში, გადაღება, რეპეტიცია, კვება, მოწესრიგება. 10 წუთში უნდა მოწესრიგებულიყავი და ცარიელი ხელებით ეს რთული აღმმოჩნდა.
- მეიქაფს ხომ თავად იკეთებ საქართველოში?
- კი, როცა 2-3 საათი მაქვს დრო. 10 წუთში იქ რა უნდა გამეკეთებინა?!
- კონკურსანტებს შორის დაძაბულობა იყო? კაბებს და ფეხსაცმელებს პარავენ ერთმანეთსო, გამიგია...
- არა. ნუ რაღაც სასცენო კოსტიუმი კი დავკარგე, მაგრამ ჩემი მხრიდან ამაზე ლაპარაკი ახლა არ იქნება ლამაზი...
- რისი თქმა გინდა, დაფინანსება რომ გქონოდა, რომ გყოლოდა თან ვიზაჟისტი, სტილისტი, თარჯიმანი და ა. შ. გამარჯვებასაც ვიზეიმებდით?
- მე ვიზეიმე გამარჯვება. მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში ვარ და მაქვს პრიზიც, როგორც ყველაზე პოპულარულ მისს იმ კონკურსისა. მაგრამ შემეძლო, პირველი, მეორე ან მესამე ადგილიც ამეღო სათანადოდ რომ მოვმზადებულიყავი და ვინმეს დავეფინანსებინე.
- დანარჩენ 4 გოგოზე რას იტყვი, ვინც ხუთეულში მოხვდა?
- ძალიან კარგი გოგონები იყვნენ, ძალიან მომზადებულები და მოტივირებულები. მათ ფონზე მე აფსოლიტურად მოუმზადბელი ვიყავი. მახლდა მხოლოდ „რუსთავი 2“ -ის ოპერატორი და ჟურნალისტი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ ასეთ პირობებში გვერდით მედგნენ, სიცივეში, უძილოები, მშივრები, ჭამის დროც არ იყო, წვიმაშიც კი იღებდნენ კადრებს.
- ისეთ რამეებს მიყვები, ასე მგონია ჯოჯოხეთიდან დაბრუნდი...
- მართლა ძალიან რთულ პირობებში ვიყავით. აბსოლიტურად მოუმზადებლები. ბოლოს ფინალზე მეიქაფის დრო არ მქონდა, ვიჯექი ვჭამდი და ისე მიკეთებდნენ მეიქაფს.
- ჭამა არჩიე მაკიაჟს ფინალის დღეს?
- უბრალოდ დავეცემოდი სცენაზე. მთელი დღის მშიერი ვიყავი. ვლოცულობდი გული არ წამივიდეს-მეთქი. ძალიან ძლიერ გამაყუჩებლებს ვსვავდი გაშეშებული კისრის გამო.
- რას ეტყვი მათ, ვინც ნიშნისმოგებით წერს, რომ ვერ გაიმარჯვე.
- ეს ერთეულებია. იმ ფონზე რომ საქართევლოს არ ღირსებია საუკეთესო ათეულში მოხვედრაც კი სილამაზის კონკურსებზე, ეს გამარჯვებაა. მე სრულიად მარტომ ცარიელი ხელებით ჩამოვიტანე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მისის პრიზი. ძალიან პოპულარული გავხდი სოციალურ ქსელში. ყველა ქვეყანა ჯორჯიაზე და მის კონკურსანტზე ლაპარაკობდა. სხვა ქვეყნის ტელევიზიები ჩემთან წერდნენ ინტერვიუებს, რადგან მიჩვეული ვარ კამერებს და ძალიან თავისუფალი ვიყავი. თავად კონკურსანტები ინტერვიუებში ამბობდნენ, წელს საქართველო გაიმარჯვებსო.
- ნაციონალური სამოსის ტურზე რას იტყვი?
- ქულები დამაკლდა ამ კონკურსზე, რადგან არ ჩამაცვეს ქართველებმა ნაციონალური სამოსი. ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი არ მომცეს სამოსი. არის ასეთი მაღაზია „ჩოხა ჯი“, სადაც დავრეკეთ და მითხრეს, რომ არატრადიციული ოროენტაციის ადამიანს, ტრადიციულ სამოსს არ ჩააცმევდნენ. ქართველებმა ქირითაც არ მომცეს ტრადიციული სამოსი, რომ წარმედგინა მსოფლიო კონკურსზე. ამიტომ არც ისე ლამაზი სამოსით გამოვედი ამ ტურზე და შესაბამისად ქულებიც დამაკლდა.
- მე ვიცი რომ მარი გოლდი გიკერავდა ნაციონლურ სამოსს ამ კონკურსისთვის. ჩვენ ლაივიც გვქონდა სწორედ ამ მოდის სახლიდან კონკურსზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე...
- მარი გოლდმა იმ კოსტიუმში 2500 ლარი მომთხოვა. ასე რომ... კიდევ ისტორია უნდა მოგეყოლა შენს შესახებ, შენი ქვეყნის შესახებ. მე შემეძლო მომეყოლა ჩვენს ქვეყანაზე, რომ აქ კლავენ, წვავენ ადამიანებს და მერე ამაზე პასუხს არავინ აგებს და ამით დავიწერდი ქულებს, მაგრამ არ მოვყევი. ძალიან კარგად წარმოვაჩინე საქართველო, როგორც შევძელი. ჩემთვის მთავარი იყო კარგად გაეცნოთ ამ ადამიანებს ჩემი ქვეყანა და არა ქულების დაწერა რაიმე ასეთი სევდიანი ისტორიით.
- კიდევ წახვალ ასეთ კონკურსზე?
- წავალ. უფრო დიდი გამოცდილებით ვიქნები და მეტ წარმატებას მოვუტან ქვეყანას.