პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები 2007 წლის 2 ნოემბერს დაიწყო. 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღო. პარალელურად აქციები იმართებოდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან.
ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე მცირერიცხოვანი აქციის ძალის გამოყენებით დაშლა გადაწყვიტა, რასაც მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე შეკრება დაიწყეს. აქცია პოლიციის სპეციალურმა დანაყოფებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გაითიშა.
პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. 2008 წლის იანვარში ჩატარებული არჩევნებში სააკაშვილმა გაიმარჯვა. ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საქართველოში დღემდე სადავოა.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მთავარი საგამოძიებო უწყება ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, სხვა დანაშაულებთან ერთად 7 ნოემბრის მოვლენებზეც ედავებოდა. ამ საქმეზე გამოძიება ედავებოდა ასევე ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს.
ვანო მერაბიშვილი დღეს პატიმარია და რამდენიმე სხვა საქმის გამო ეგრეთ წოდებული მატროსოვის საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის. გიგი უგულავა, რომელიც იგივე საპატიმროში იხდიდა სასჯელს, უკვე თავისუფალია. დავით კეზერაშვილზე, ზურაბ ადეიშვილზე და მიხეილ სააკაშვილზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურა მათ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ედავება.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე გამოხმაურება დასავლურ პრესაში შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.
ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში ამ დღის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.