„მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა, ეს მექანიზმი არ უნდა იყოს ისე გამოყენებული, რომ საზოგადოებაში აჩენდეს უსამართლობის შეგრძნებას“, - ამბობს იურისტი კახა კოჟორიძე, რომელიც ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ადვოკატი გახლავთ.
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში კოჟორიძე გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალების შესახებ.
„თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, დადასტურებულ დანაშაულებებზე მოხდება შეწყალება, მით უმეტეს, ისე, რომ ზოგიერთ მათგანს არანაირი საპატიმრო ვადა არ მოუხდია, რა თქმა უნდა, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ მოქმედებს. რამდენიმე საუკუნის წინ ითქვა ასეთი ფრაზა: ზოგჯერ კანონი ჰგავს ობობის ქსელს, სადაც ეხვევიან წვრილი მწერები და მსხვილები დაუსხლტებიან ხოლმე ხელიდან. თუ რიგითი მოქალაქე მოიპარავს პურს, ან ჯართს და ამის გამო, შეიძლება მრავალი წელი ციხეში ისე იჯდეს, რომ არც არავინ შეიწყალოს, რანაირად შეიძლება ასე ხელაღებით ვისაუბროთ უმძიმეს დანაშაულებებში მხილებული პირების შეწყალებაზე. ჩემთვის, ეს არის მიუღებელი. თუ რომელიმე თანამდებობის პირი მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის უდანაშაულობას, მაშინ შეწყალებაც არ უნდა დასჭირდეთ. იდავონ და დაადასტურონ, თუ მართალია. დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს სასამართლოს, გავახსენებ მას, რომ ეს სისტემა სწორედ მისი შექმნილია. მაშინ ნდობას უცხადებდა, როდესაც სანოტარო აქტებივით იბეჭდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებები და ზუსტად ამ სასამართლოს უამრავი მართლა უდანაშაულო ადამიანი ჰყავს გასამართლებული. ვალერი გელაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენია გამოტანილი და თუ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში, მაგრამ მე მგონი ბავშვმაც კი იცის, რომ დეპუტატის ცემა პრეზიდენტის ნების გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ეს გამორიცხულია. თუ ვინმეს აინტერესებს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა ამ საქმეში, შემიძლია სასამართლოს განაჩენიც მივაწოდოთ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
კოჟორიძე ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის იმ განცხადებასაც, რომლის თანახმადაც ის გრიგოლ ვასაძის გაპრეზიდნტების შემთხვევაში შეწყალების თხოვნით მიმართვას არ აპირებს.
„ჩვენ მოვისმინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და თუნდაც ბაჩანა ახალაია არც კი მიმართავენ შეწყალების თხოვნით გრიგოლ ვაშაძეს, თუ ეს უკანასკნელი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. მინდა აქვე განვმარტო, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებულის მიმართვა საჭირო არ არის შეწყალების აქტის გამოსაცემად. ანუ მიუხედავად იმისა, მიმართავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ან რომელიმე სხვა პირი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტს აქვს უფლება საკუთარი ნებით შეიწყალოს ესა თუ ის პირი“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.