შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია რეგიონის თხილის ექსპორტიორებს შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა.
„ჩვენ დავეხმარებით ფერმერებს, ბიზნესმენებს. მესამე წელიწადია დარგი დიდ პრობლემებს განიცდის. უნდა ვეცადოთ ზარალის შემცირებას. გავრცელებული დაავადებები და ფაროსანა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, რომ 2019 წლისთვის მოსახლეობამ არ განიცადოს იგივე ზარალი.
მე წუხელ გამოვეცი განკარგულება, ზარალის შემცირების თაობაზე, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მომავალი წლის, მოსახლეობის თხილის ზარალი. ამ მიმართულებით ვერთიანდებით, როგორც ფერმერები ასევე ბიზნესმენები. ჩვენ შევალთ ყველა სოფელში, სადაც არის თხილის კულტურა და ჩავუტარებთ პრაქტიკულ გაკვეთილებს მათ, თხილის მოვლაში და ხარისხიანი მოსავლის მოყვანაში“,- განაცხადა მოწერელიამ.
„პრაიმტაიმის“ შეკითხვაზე, თუ რატომ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, სამეგრელოს მერების ნაწილი და ხობის მაჟორიტარი დაჩი ბერაია, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ გიორგი გახარია ამავდროულად არის ქვეყნის ვიცე-პრემიერი და წარსულში იგი იყო ბიზნეს-ომბუდსმენი.
„რა თქმა უნდა შევეხეთ არჩევნების თემასაც, ეს არის მთავარი გამოწვევა ჩვენთვის“,- დასძინა მან.
სამეგრელოს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს. თავად შინაგან საქმეთა მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. იგი ამ წუთებშიც აგრძელებს ფერმერებთან და მერების ნაწილთან შეხვედრას.
ავტორი: თეა შონია