თბილისის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბართლომე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ავიწროებდნენ.
"არ მინდა ის გაუკეთონ სხვებს, რასაც წინა მთავრობა ჩემი გარკვეული აქტიურობის გამო მიკეთებდა. ჩემთან სახლში მოდიოდა პოლიციელი, იწერდა მონაცემებს, მეუბნებოდა, რომ ვარ ჰიპერაქტიული მღვდელი, არაიდენტიფიცირებული პირი და ა.შ და ამაზე მუშაობდა ოდეერი. ოდეერი მაშინ საპატრიარქოშიც მუშაობდა... სახელი და გვარიც ვიცი და დეტექტივ-გამომძიებელიც ვიცი. ეს მოხდა იმიტომ, რომ მე რელიგიის შესახებ კანონზე ხმა ამოვიღე“, - ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა. მისი თქმით, იმ ხელისუფლების პირობებში მონასტერს უამრავი ადამიანი მიმართავდა შიშის გამო, ახლა კი მდგომარეობა გამოსწორდა. არქიმანდრიტი ყვება, რომ ადრე სტუმრების მიღებას ვერ აუდიოდნენ.
მისივე თქმით, ასევე ტყუილებს ავრცელებენ ხოლმე ილია მეორეზე, სინამდვილეში, პატრიარქი ყველას იღებს და მამა-შვილურად ხვდება.
ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების საკითხსაც შეეხო.
"არ მომეწონა რაც მოხდა პირველ ტურში. თუმცა, ამაში 1% სასარგებლოსაც ვხედავ. სხვა პრიზმაში მოხდა იმ პრობლემების დანახვა, რაც არსებობს. მოხდა გაერთიანებები, ხო?! უხერხული სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ ჩემთვის, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ „ცოცხით შეკრული ადამიანები არიან“" - დასძინა არქიმანდრიტმა.
გუშინ, გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შერიგდნენ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ცნობილია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს "ევროპული საქართველო" დაუჭერს.
„ევროპული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის იანვარში გამოეყო.