თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგები წარადგინა. აღნიშნული დასკვნის გასაცნობად ბრალდების მხარემ ერთი საათი მოითხოვა.
სასამართლოში ჩვენება ალტერნატიულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ მის მიერ დაწერილ დასკვნასთან დაკავშირებით მისცა.
მისი ჩვენება ანა ნაცვლიშვილის მამისთვის, მამუკა ნაცვლიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ექსპერტთან საუბრისას აღნიშნული დასკვნა გააპროტესტა.
როგორც ექსპერტ-კრიმინალისტმა ალექსანდრე გეჯაძემ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა, დაზიანებები გარდაცვლილზე მიყენებულია ერთი ბლაგვი საგნით.
"სასამართლოზე ვისაუბრე, რომ აღენიშნებოდა ჭრილობები კისრის არეში, აღენიშნებოდა წყვეტა-მჭრელი ხასიათის ტრავმა კისრის მიდამოში,თავის მიდამოში ბლაგვი ხასიათის ტრავმა როგორც ერთს ასევე მეორეს შესაძლოა გამოეწვია მისი სიკვდილი.
ნამდვილად ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, მამამ ეტყობა არასწორად გაიგო ჩემი პირდაპირ დაცვა პროცესზე, რამეთუ ვთქვი, რომ კისრის არეში არსებული დაზიანებები, და ვნახე ურთიერთ განლაგების და მათი ახლო ლოკაციის გათვალისწინებით, მიყენებულია ცალსახად ერთი ბლაგვი დაზიანების მიმყენებელი წყვეტა-მჭრელი საგნით", - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
სალომე ნეფარიძე