"ასეთი აგრესიული ქმედებები არის მიუღებელი, მით უმეტეს არაეთიკური გამონათქვამები" - ეკა გიგაური ატოცში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

14:48 11-09-2018
158

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ატოცში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აგრესიული და არაეთიკური ქმედებები არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არ უნდა განხორციელდეს:

"არამხოლოდ საოკუპაციო ხაზთან, მე ვფიქრობ, რომ ასეთი აგრესიული ქმედებები არის მიუღებელი, მით უმეტეს არაეთიკური გამონათქვამები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოებას მივცეთ კამათისა და კამპანიის წარმართვის მაგალითი და ა.შ. რა თქმა უნდა, შეიძლება, რაღაც გამონათქვამებში ვიღაც პოლიტიკოსებს არ დაეთანხმონ, მაგრამ არაეთიკური გამონათქვამების გამოყენება და ასეთი აგრესია ჩემთვის და ჩვენი ორგანიზაციისთვის მიუღებელია”,- განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ, რომელიც ახლა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერია, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ატოცში ყოფნისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თავად გაავრცელა.

ავტორი: