შეყვარებულის მკვლელობისთვის ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა.
ლადო გრიგალაშვილი ირწმუნება, რომ ანა ნაცვლიშვილთან არასდროს უჩხუბია. მასთან სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა და დაქორწინებას გეგმავდნენ. ბრალდებული ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ მეგობრების და ახლობლების ინტერესები დაეცვა.
„06:00 საათი სრულდებოდა, როდესაც მის დას მივწერე. ვურეკავდი და არ იღებდა. ამდენი წლის განმავლობაში, არ მახსოვს, მისთვის დამერეკა და არ ეპასუხა.
გადავწყვიტე, მომეძებნა. მათ სახლთან მამაჩემის მანქანით მივედი. მე-5 სართულზე რომ ავედი, კარი ღია დამხვდა, რაც ძალიან გამიკვირდა. ანას დამ მითხრა, აბაზანაში იყოო. მისი ძებნა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დავიწყეთ, დასახმარებლად მეგობრებსაც დავურეკე.
მოგვიანებით, ანას ტელეფონზე პოლიციამ გვიპასუხა და გვითხრა, საავადმყოფოში გადაიყვანესო. საავადმყოფოში მივედით. უკან რომ გამოვედი, გარეთ „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა მოვიდა, გაგვეცნო პოლიცია და წამიყვანეს განყოფილებაში. ჩამომართვეს ყველაფერი, ტელეფონი, სიგარეტი, გასაღები. მკითხეს, ბოლოს როდის ვესაუბრე ანას. რა ხდება-მეთქი. შემდეგ მოვიდა ვიღაც თანამდებობის პირი და სხვა განყოფილებაში გადამიყვანეს.
სამართალდამცველმა მითხრა, ვიდეოჩანაწერი გვაქვსო, რომელზეც ჩანს მკვლელობის ადგილი, სადაც შენ ხარო, რომელი მხრიდან შეხვედი და გამოხვედიო. მაჩვენეთ-მეთქი და უფლება არ გვაქვსო. დანაზეც მითხრეს, მანქანის გასაღებიც მათ ჰქონდათ. 15 წუთში შემომიტანა ფურცელი, რომ წამეკითხა. გადავავლე თვალი, აღბეჭდილი იყო ის, რაც ვითომდა აღიარებით ჩვენებაში მაქვს ნათქვამი.
მერე შემოვიდა და მითხრა, რომ ძმაკაცებიც დაკავებული იყვნენ. თუ არ გინდა შენი ძმაკაცები პრესის ქვეშ მოყვნენ, აქ ხელს მოაწერო. არ მოგიწერთ-მეთქი. მერე ციხეზე გადავიდა, რა შუაში იყო, ვერ გავიგე. შეხვალ ციხეში და როცა გაიგებენ, რომ ძმაკაცების გამო ხელს არ აწერ, სხვანაირად მოგთხოვენ პასუხსო. ამის მერე დავთანხმდი, ვუთხარი, რომ ხელს მოვაწერდი. დამადეს ხელბორკილი და გადამიყვანეს ქალაქის სამმართველოში. იქიდან „კაპეზეზე“ გადამიყვანეს. შემდეგ სასამართლომ შემიფარდა პატიმრობა - ყვება გრიგალაშვილი.
21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი თბილისში, თემქის დასახლებაში 22 თებერვალს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით ანას შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავა. მკვლელობა ღამის 05:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდა, რა დროსაც მსხვერპლი სახლიდან გაიყვანეს და სხეულზე არაერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ირკვევა, რომ გამთენიისას, სახლიდან გაუჩინარებული ანა ნაცვლიშვილის მოძებნაში აქტიურად მონაწილეობდა თავად ლადო გრიგალაშვილიც, თუმცა რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა ის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს და მამამისის ავტომობილიდან დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.