საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს შეებრძოლება.
„არტემიო ფრანკიზე“, რომელიც 43 147 მაყურებელს იტევს, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად რამდენიმე ათასი ქართველი იქნება. მათი ნაწილი ფლორენციაში საქართველოდან, ხოლო ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდა.
ჩვენი გუნდი 26 ოქტომბრიდან საფრანგეთში, შეკრებაზე იმყოფებოდა. ტრავმების გამო, ნაკრებს რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარება: კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე, მერაბ კვირიკაშვილი და გურამ შენგელია. 10 ნოემბრის მატჩისთვის სამი დებიუტანტი ემზადება: ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი, ასევე მგეზავი თედო აბჟანდაძე. ბორჯღალოსნების კვართით ხუთი წლის წინ, ერთადერთხელ უთამაშია შუამარბ ზურაბ ძნელაძეს, რომელიც მას შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნაკრებთან ერთად არიან დუდუ ქუბრიაშვილი (ბოლოს ორი წლის წინ, 2016 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა), ბექა ბიწაძე (ბოლოს 2017 წლის ნოემბერში აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა) და ბექა გორგაძე (ბოლოს 2017 წლის რაგბი ევროპაზე, რუმინეთთან ითამაშა).
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 10 ნოემბერს ფლორენციაში, იტალიასთან გასამართი ტესტისთვის 23-კაციანი სამატჩო რაზმი დაასახელა.
სასტარტო თხუთმეტეულში რამდენიმე გადაადგილებაა – ფულბეკად თამაშს სოსო მათიაშვილი იწყებს, ცენტრში თამაზ მჭედლიძე და მონატრებული, გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე შეწყვილდებიან, რომელიც ტრავმით გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე პირველად გავა. ფრთებზე გიორგი კოშაძე და ზურაბ ძნელაძე დადგებიან. ძნელაძეს ბორჯღალოსნების კვართით ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ მოუწია თამაში – 2013 წლის „თბილისის თასზე“ სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრების წინააღმდეგ.
უცვლელია ღერძი და 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელთა კეპების ჯამური რაოდენობა 102-ს შეადგენს, ხოლო ხაზის მოთამაშეების კეპების რაოდენობა 231-ია.
შერკინების პირველ ხაზში 2-წლიანი პაუზის შემდეგ მარჯვენა ბურჯად დუდუ ქუბრიაშვილი ბრუნდება და ის 46-ე კეპს მოიხვეჭს. მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნებიან.
მეორე ხაზში, სადაც ტრავმის გამო კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე დაგვაკლდებიან, ნოდარ ჭეიშვილი ლაშა ლომიძეს შეუწყვილდება, რომელიც ამპლუით მესამე ხაზის მოთამაშეა. მესამე ხაზში სამი 22 წლის მორაგბე გვყავს – ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე, რომლებიც ბოლო დროს თავიანთ კლუბებში საუკეთესოები არიან. შერკინების მოთამაშეების კეპების ჯამური რაოდენობა 238-ია.
პირველ ხაზს მარქაფიდან გამოცდილი შალვა მამუკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ლევან ჩილაჩავა გააძლიერებენ, მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილს ვიხილავთ, რომელიც 23-კაციან რაზმში ყველაზე ასაკოვანია – 34 წლის და იტალიასთან 70-ე კეპს მოიხვეჭს. მესამე ხაზში ბექა ბიწაძე გამოჩნდება, რომელსაც შარშან ნოემბრის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.
ხაზის მარქაფაშია ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 23-კაციან განაცხადში ყველაზე მეტი, 87 კეპი აქვს. გელა აფრასიძე (20 წლის) და გიორგი კვესელაძე მარქაფიდან ჩვენი ხაზის თამაშს გააძლიერებენ.
ამასთან, 16:30 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რაგბის გულშემატკივრები იკრიბებიან. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდება.
„არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება, რაც პრინციპული მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებს წარმატებისათვის აუცილებელ მუხტს მისცემს. რესპუბლიკის მოედანზე ეროვნულ ჰიმნს ანსამბლებთან „შვიდკაცა“ და „ჰერიო“ გულშემატკივრები შეასრულებენ.
რაგბის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ერთად უყურონ მატჩს.
ბორჯღალოსნებს იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 3-ჯერ აქვთ ნათამაშები, სამივეჯერ იტალიაში და ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა – 3:0.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი