საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განცხადებით, საკონსულოების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა თუ კონკრეტულ მედია საშუალებებში მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება. მისი თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
„ბოლო პერიოდში აქტიური ხასიათი მიიღო სოცილურ ქსელებში ცალკეული პირების მხრიდან ცრუ ინფორმაციის, კომენტარების, ვიდეომასალების გავრცელებამ, რომელშიც ცალკეული მოქალაქეები საუბრობენ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების ხელოვნურ შეზღუდვაზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი ინფორმაციების მომრავლება ატარებს ერთგვარ ტენდენციურ ხასიათს და აშკარაა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას.
საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ შვედეთში უკვე უპასუხა მსგავსი სახის პროვოკაციულ ქმედებას. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა შვედეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მიერ არასწორ მისამართზე გადაღებული ვიდეო, რომლის ავტორიც ირწმუნებოდა, რომ საელჩო სამუშაო საათებში დაკეტილია და იგი ვერ ახერხებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას.
აღმოჩნდა, რომ ვიდეო შეგნებულად იყო გადაღებული საელჩოს შენობის სხვა სართულზე, მოცემული მოქალაქე კი უკვე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე. საელჩოს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა მედიასაშუალებებს, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თუმცა ტელეკომპანიამ აღარ გააშუქა საელჩოს გამოხმაურება“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
სალომე ნეფარიძე