სააკაშვილის განცხადება არის იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ქართული მხარე თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები - გიორგი ვაშაძე სრული ვიდეოს გავრცელებას ითხოვს

14:25 11-10-2018
109

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ნუ ავრცელებენ აბსურდულ და დამონტაჟებულ ვიდეოებს. გაავრცელონ მთლიანი ვიდეოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხინვალში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებზე საუბრობს.

"უკვე მეორე დღეა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ფეიკ“ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება დაიწყო. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მთელი განცხადება მიხეილ სააკაშვილის არის იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ქართული მხარე თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები, როგორ მუშაობდა დიპლომატიური არხები, როგორ მუშაობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორ ცდილობდა, თავიდან აერიდებინა საქართველოს პირდაპირი საომარი მოქმედებები. ახლა რაღაცნაირად ამ ვიდეოდან სამი სიტყვაა ამოგლეჯილი, შუაში გაჭრილი და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს „ქართული ოცნება“. მეგობრებო, ხალხი ბნელი არ არის და ყველა კარგად მოისმენს, ვინ რას ამბობს”, – ამბობს ვაშაძე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ 2008 წლით თარიღდება და სადაც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებაზე საუბრობს. 

„კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ქვეყნის და ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლება“, - ამბობს ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი.

 

ავტორი: