კახა კალაძე - ,,სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის''

16:41 11-11-2018
303

რუსთაველის გამზირზე, გუშინდელ მომხდარ მოვლენებს, თბილისის მერი კახა კალაძე დღეს გამრთულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის.

,,სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის მაშინ, როცა მერიის საპასუხო წერილში, რეალურად, მსგავსი ინტერპრეტაციის არანაირი საფუძველი არ არსებობს. აღვნიშნავ, რომ გუშინდელი მოვლენებისას, რიგი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ნაძვის ხის და საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამო მომიტინგეებს კარვების გაშლის უფლებას არ აძლევენ ნოემბრის დასაწყისში. ცხადია, ეს არის მტკნარი სიცრუე და თავად, გამოხატვის პროცესის შეურაცხყოფა. აქციის მონაწილეებს, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც სურთ და რა ფორმითაც სურთ, ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს არ ყოფილა და ჩვენმა ოპონენტებმა ეს ძალიან კარგად იციან“, - აღნიშნა მან.

ამასთან, კახა კალაძემ ბრიფინგზე ზაზა სარალიძის და მერიის მიმოწერაც წარმოადგინა. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიის პასუხში საუბარია იმაზე, რომ ნაძვის ხის ანთების ცერემონია 15 დეკემბერს იმართება.

,,საუბარია 15 დეკემბერზე და სხვა ღონისძიებები ეს არის დეკემბრის ბოლო დღეები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მერიის წერილს მხოლოდ ამის გამო ვერ ექნებოდა გუშინდელ მოვლენებთან კავშირი. თანაც, მერიის პრეროგატივა არ არის ვინმესთვის აქციის ჩატარების უფლების მინიჭება ან აკრძალვა. მერიას მხოლოდ შეუძლია, ამ საკითხზე რეკომენდაცია გასცეს. სამწუხაროა, რომ საარჩევნო ბატალიების ფონზე ხდება ყველა თემის არასწორად ინტერპრეტაცია, პოლიტიკური პროცესების ქაოსად ინტერპრეტაცია და მით უმეტეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ამ მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის პოლიტიკისთვის უკვე ტრადიციად იქცა მსგავსი ამორალური ქმედებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ, მწუხარება გამოთქვა, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, სანამ ის თბილისის მერია, პოლიტიკურ პარტიებს არ მისცემს უფლებას, ეს ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.