,,როდესაც დეკემბერი მოვა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად რა და როგორ გავაკეთოთ.'' - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, მოსთხოვა თუ არა თბილისის მერიამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება საახალწლო ღონისძიებების გამართვის გამო ზაზა სარალიძეს და აქციის სხვა მონაწილეებს.
"არც მე და არც მერიას არ აქვს იმის უფლებამოსილება და პრეროგატივა, რომ დაუშვას ან აუკრძალოს კარვის გაშლა კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენს წერილში წერია, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონის მეათე მუხლის შესაბამისად იმოქმედონ და დეკემბრის 15 რიცხვში მიიღონ გარემოებად, რომ იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების გამართვა და შეცვალონ დრო და ადგილი. ჯერ დეკემბრამდე არის დრო. როდესაც დეკემბერი მოვა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, რა და როგორ გავაკეთოთ. წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.