მირიან ბოქოლიშვილი
პოლიტიკაში რომ ყველაფერი „მოსულა“, ეს სულ ახლახან „რესპუბლიკელებისა“ და „ნაციონალების“ ურთიერთპატიებითაც გამოჩნდა, თუმცა ყველაზე დიდი მოულოდნელობა მაინც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა გუნდში ირაკლი ოქრუაშვილის გამოჩენა იყო. და რატომ? თავის დროზე, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა სააკაშვილს უმძიმესი ბრალდებები წაუყენა, მათ შორის განაცხადა, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა მას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა, რაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ ოქრუაშვილი დააკავეს, არაერთი ბრალდება წარუდგინეს და საბოლოოდ ქვეყნიდან გაუშვეს, ეს ჯერ კიდევ 2007 წელს. 2011 წელს კი ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთის „პირველი არხის“ მიერ მომზადებულ პროპაგანდისტულ ფილმში („კავკასიის გეგმა 2 – მეტასტაზები“) გამოჩნდა, სადაც სიტყვასიტყვით გაიმეორა კრემლის ნარატივი.
„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხსნის დერეფნებს ჩეჩენი ბოევიკებისთვის, ურიცხავს მათ ფულს, ამარტივებს სავიზო რეჟიმს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან, იწყებს ომს ე.წ. სამხრეთ ოსეთში და ჩერქეზების გენოციდის თემით მანიპულირებს, იმიტომ რომ ეს „ვიღაცას მოსწონს“, – ამტკიცებდა ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთის პროპაგანდისტულ ფილმში.
გრიგოლ ვაშაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის წინასაარჩევნო „სტუმარმასპინძლობამ“ გააჩინა ლეგიტიმური კითხვა – თუკი ვაშაძის გუნდი ომის დაწყებაზე გაკეთებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ აცხადებს, მაშინ რა ლოგიკით სთხოვს მათივე რჩეული კანდიდატი მხარდაჭერას ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც სააკაშვილს არა მხოლოდ ომის დაწყებაში, არამედ ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებთან გარიგებაში სდებდა ბრალს? თანაც სად? – რუსეთის პროპაგანდისტულ არხზე...
როგორც ოქრუაშვილმა განმარტა, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, პაატა დავითაიას შუამავლობით მოხდა. ჩვენც სწორედ პაატა დავითაიას ვთხოვეთ, აეხსნა გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა ლოგიკა.
– ბატონო პაატა, თქვენ, როგორც გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი, ალბათ, იზიარებთ აზრს სალომე ზურაბიშვილის მოღალატეობის შესახებ...
– ფაქტია, მისი ქმედებები არის არასწორი. ეს ქალბატონი პოზიციებს ცვლის რამდენჯერმე, იგივე ომის დაწყებაზე. თვითონ იყენებს თავს ასეთ სიტუაციაში. პრეზიდენტად ეს ადამიანი რომ აირჩიონ, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, იმ თვალსაზრისით, რომ პოზიციების ცვლა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მიუღებელია, რომ ეს ადამიანი პრეზიდენტი გახდეს. ფაქტია, რომ მის განცხადებებს იყენებს მოწინააღმდეგე მხარე, ჩვენი ქვეყნის მტერი. მე, როგორც ჰააგის საერთაშორისო პროკურატურის ასოციაციის წევრმა, შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის მიერ მისი წიგნის მტკიცებულებად წარდგენის შემდეგ, დგება ასეთი საკითხი: მნიშვნელობა არ აქვს, ის პრეზიდენტი გახდება თუ არა, სალომე ზურაბიშვილი ჰააგაში მოწმის სახით იქნება დაბარებული, ვინაიდან ამას ითხოვს რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე არ აღიარებს ჰააგის საერთაშორისო იურისდიქციას, მოწმის სახით გამოიყვანეს ზურაბიშვილი. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვიკვირდეს, როცა საუბრობენ მის მოღალატეობრივ თემებზე. სამართლებრივი ბრალდებაა თუ პოლიტიკური. ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა მისი კანდიდატურა დააყენა.
– სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით თქვენი აზრი გასაგებია... და ამ განცხადებაზე რა აზრის ხართ? – „საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ხსნის დერეფნებს ჩეჩენი ბოევიკებისთვის, ურიცხავს მათ ფულს, ამარტივებს სავიზო რეჟიმს ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან, იწყებს ომს ე.წ. სამხრეთ ოსეთში და ჩერქეზების გენოციდის თემით მანიპულირებს, იმიტომ, რომ ეს ვიღაცას მოსწონს“, – ეს განცხადება თქვენთვის მისაღებია?
– აბსურდია. მე არ ვიცი, სააკაშვილი ფულს ვის ურიცხავს. რაც შეეხება ჩერქეზების გენოციდის თემას, იცით, რომ პარლამენტის მიერ თავის დროზე მიღებული იყო ეს საკითხი. როცა მე პარლამენტში ვიყავი,მაშინ მიიღეს...
– რუსეთის პირველ არხზე ოქრუაშვილის ეს სიტყვები – „სააკაშვილი იწყებს ომს ე.წ სამხრეთ ოსეთში“ – არის თუ არა იგივე ტიპის განცხადება, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს ედავებით?
– არა, იწყებს ომს სამხრეთ ოსეთში არის გარკვეული ფორმა. გააჩნია, რა საუბარს შეეხება. თუ არის კონტექსტში, რომ შემოვიდა სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალები, რაც დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში იყო, მაშინ ეს ბრძოლის დაწყება ჩვეულებრივი მომენტია. რუსეთის ტელევიზიით რა გავიდა, როგორ გავიდა, არ მომისმენია, ვენდობი თქვენს სიტყვებს, აქედან გამომდინარე, ხაზს ვუსვამ, რაც შეეხება ჩეჩნების თემას ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო, აფხაზეთის ომიდან გამომდინარე. როცა მათ საქართველოს წინააღმდეგ იომეს, 2008-შიც საქართველოს წინააღმდეგ იომეს. რაც შეეხება კონტექსტს სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებაზე, თუ საუბარია, რომ ჯარი შემოვიდა და ბრძოლა დაიწყო, არანაირ პრობლემას არ ვხედავ, თუ საუბარია ბრალდებაში, რომ ომი დაიწყო, მაშინ სხვა თემაა.
– ომი დაიწყო, ასეა პირდაპირ. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაა, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტულ არხზე, პროპაგანდისტულ დოკუმენტურ ფილმში...
– მე ეს ფილმი არ მინახავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ირაკლი ოქრუაშვილმა 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასზე საქმე იყო აღძრული, სურვილი გამოთქვა – ჩამოვალ და ვიომებო. რუსულ პროპაგანდას პირადად მე არ ვენდობი, ვენდობი ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც ღიად თქვა, რომ მე, როგორც ჯარისკაცი, ჩამოვალ და ვიომებ. რუსულმა პროპაგანდამ რა კონტექსტში გამოიყენა ეს თემა, არ ვიცი. ჩანაწერი შეიძლება გამოყენებული იყოს ორ კონტექსტში. შეიძლება იყოს მოჭრილი. ვერ გავაკეთებ მაგაზე კომენტარს. ცალსახად, ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც ჯარისკაცს, რომელმაც თქვა, რომ მე ჩამოვალ და ვიომებ, ამას უფრო ვენდობი, ვიდრე რუსულ პროპაგანდას. კონტექსტის გაგრძელება არ ვიცი.
– ახლა, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების გაკეთილშობილებას ცდილობთ, ორმაგ სტანდარტთან ხომ არ გვაქვს საქმე?
– ეს არ არის ორმაგი სტანდარტი ელემენტარული მიზეზის გამო, სალომე ზურაბიშვილის მტკიცებულება წარდგენილია ჰააგაში, ოქრუაშვილის არავის წარუდგენია.
– თქვენ იყავით შუამავალი გრიგოლ ვაშაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრისა... საინტერესოა, ვის ეკუთვნის ინიციატივა?
– მე დეტალებზე არ მინდა საუბარი, ეს პიროვნული, პრივატული ამბებია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ყველა პოლიტიკური ადამიანი, ვინც ხედავს რომ შეიძლება ხელისუფლება არჩევნების გზით იყოს ერთ პოზიციაზე.
– მისი მსოფლმხედველობის მიუხედავად?
– აქ მსოფლმხედველობაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია მომავალზე. მსოფლმხედველობა ოქრუაშვილს არ ჰქონია პრორუსული არანაირად და აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა, ჩემთვის იგივე პრორუსული ძალები, რომლებიც არიან საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს ვგულისხმობ, ყველას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, ყველა საქართველოს მოქალაქეა, არ შეიძლება არავის უგულებელყოფა. აქ ხომ არ ხდება პოლიტიკური ბლოკების ჩამოყალიბება. აქ არის საუბარი კონკრეტულ შედეგზე, რომ მეორე ტურში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.
– ანუ ირაკლი ოქრუაშვილს რუსული მსოფლმხედველობა არ ჰქონია?
– ირაკლი ოქრუაშვილის რუსული მსოფლმხედველობა მე არ მინახავს.
– თუმცა გიგი უგულავა „ეფესბესთან“ მის კავშირებზე საუბრობს და ამბობს, რომ ოქრუაშვილი არის წითელი ხაზი...
– მტკიცებულება თუ არ წარვადგინე, „ეფესბესთან“ კავშირი თქვენც შემიძლია დაგაბრალოთ. მართალი არ იქნება, ხომ სწორია.
– ანუ არ იზიარებთ უგულავას ამ შეფასებას?
– არა.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას პაატა დავითაია ამბობს, რომ მას არ სჯერა რუსულ არხზე ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების ნამდვილობის, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსეთის ცენტრალური არხის პროპაგანდისტულ ფილმში მონაწილეობ, უკვე მრავლისმეტყველია...
მართალია, პაატა დავითაიას არ სჯერა, ან არ უნდა, რომ დაიჯეროს, მაგრამ ამ დოკუმენტური ფილმის გარდა, არსებობს კიდევ სხვა მტკიცებულება ოქრუაშვილისა და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის შესახებ. გიგი უგულავა, რომელიც მეორე ტურში მხარს, ასევე, გრიგოლ ვასაძეს უჭერს, ამბობს, რომ ოქრუაშვილი „ეფესბეს“ „პადმოსკოვსკი დაჩაზე“ ცხოვრობდა და რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დამხობას გეგმავდა.
გიგი უგულავას ამ სიტყვებს ადასტურებს ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, 2011 წელს ვალერი ხაბურძანიასა და ირაკლი ოქრუაშვილის საუბარს ასახავს. ოქრუაშვილი ჰყვება, რომ მას, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა იარაღი და მანქანები აყიდვინეს, რომლითაც საქართველოში უნდა შემოსულიყო. ოქრუაშვილი ჩანაწერში რუსულ ენაზე გაურკვეველ პირს უკავშირდება და შეხვედრაზე უთანხმდება.
ჩანაწერში ყოფილი დეპუტატი გუბაზ სანიკიძეც ფიგურირებს. ოქრუაშვილი და ხაბურძანია „ობში“ კანდიდატსაც არჩევენ და ასეთად ნინო ბურჯანაძეს ასახელებენ.
„ირაკლი ოქრუაშვილი: მომისმინე, მოდი, ასე ვთქვათ, მე ამათ კი მითხრეს, რისიც არ მჯერა, პრინციპში, რომ, თუ დადგა ვადამდელი არჩევნების ამბავი, ჩვენ მაშინ აქ მაშინ ნამეტანი ავატალახებთ, ...ლეზე მკიდია, მარტო მე მაინც არ მინდა გარევა და არ აღმოჩნდეს ზემოთ მზაობა, ჩვენ მაინც ავატალახებთ სიტუაციას, მაინც გადავწყვიტავთ, მაგისი არ მჯერა მე, მაგრამ დავუშვათ და მოხდა და მიშამ დანიშნა არჩევნები, ესენი გაყურსულები არიან, თავის იმაში ჩაფლულები არიან, მაშინ რას ვშვებით? მე მაგისი მეშინია, მაგის დედაც მო...ნ, კაი, იარაღიც მაყიდინეს, მანქანებიც მაყიდინეს, ამდენი ხალხი აქ მიყრია, ამხელა ზარალი მივიღე, გაბანკროტების დონე, ზარალი მივიღე. „ხ...ი სნიმ“. ფეხებზე მკიდია ეგ. სიტუაცია რომ ხელიდან გავუშვა და კიდევ არ გამიტარონ, მერე უკვე დანძრეული მაქვს. დამთავრებული ამბავია, იქ ისე შეიფუთება ერთ თვეში, ორ თვეში სიტუაცია, მერე გინდა უკაკუნე „კრიშაზე“, გინდა „გრანატამიოტზე“ ესროლე, არაფერი აღარ გამოვა.
ვალერი ხაბურძანია: გუბაზი რაღას ელოდება, იმას რა... შენ რომ უთხარი, ეტყობა.
ირაკლი ოქრუაშვილი: გავაკეთებ, შენ მაგისგან, თევზივით რა უნდა მოიქცეს, რა მერე.... შენ მაგის განწყობები და ყველაფერი გაიგე.
ვალერი ხაბურძანია: მე შენ გეუბნები ყველაფერს, დასკვნები უნდა გააკეთო შენ, იმიტომ, რომ აქვს რა მომენტები, მე ხომ ვიცი...
ირაკლი ოქრუაშვილი: ახლა რომ დავბრუნდები, მე ერთ კვირაში 10 ათას დოლარს გავუგზავნი. თუ წავედი ორშაბათს, დაახლოებით იმ კვირის ბოლომდე. სამშაბათსაც თუ წავედი, იმ კვირის ბოლომდე გავუგზავნი შენი სახელით, ვისთან აქვს ურთიერთობა ჩვენებიდან, ან გოგია, ან თეო, ის, რომ წინა დღით გაგაგებინებ შენ და შეუთვალე, რომ იმათ ისაქნას. დანარჩენი მერე შეხვედრაზე, რაც ადრე გამოიყვან, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ იმას არ ვჩქარობთ, არ განვიხილავთ კოალიციის თემას, ლაპარაკია საინტერესო, რომ ამ ლაპარაკით მე იმ დედამოტ...ნულებთან მივიდე ბურჯანაძეებთან, იმათთან ლაპარაკის მერე გუბაზს მოვუტან და ავდგებით მერე და ერთად ვნახავთ, რა იქნება მაგიდაზე, კუკავას თემა გარკვეული მაქვს, ახლა უყურე, რა, როგორი რაღაცაა, წეღან ჰედლაინებში მოვკარი თვალი, რომ ბიძინას კარზე რიგი დადგებაო. ახლა მანდ არის ეიფორია, დედის ტ...ვნა იქნება, ყველა ახლა ფიქრობს, რომ იქნებ ამას ტ...ში შევუძვრე და პატარა ფული მომცეს, მოდი, ორივე ვარიანტი ავიღოთ – მიშას თამაშია არ მიიღებენ, მიშას თამაში თუ არაა, ყველას მიიღებენ, ანუ ბიძინა ისეთ ფულს დაყრის, მანდ კონკურენციის გაწევა ჩემი ფეხები, ერთადერთი ჩვენი გამოსავალი მაგ სიტუაციაში არის „ობში“ კანდიდატის პოვნა, საპრეზიდენტო კანდიდატის, მანდ ახლა გუბაზა რომ გამქაჩავი არ არის, ხო შანსი არაა. საკითხი დგება ისევ და ისევ ამ დედამოტ...ნულ ქალზე. ამ დროს უკვე ჩვენი და გუბაზის ინტერესებში შედის, რომ ის ქალი მოვითრიოთ, რომ ბიძინამ ფუკასავით არ აგვახიოს მთელი პოლიტიკური სიტუაცია. თუ ბიძინასთან მიდიხარ...“ – ვისმენთ ჩანაწერში.