თამარ ჩუგოშვილი: კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, საქართველო ვეროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილთან შედარებითაც კი წარმატებულია

19:11 11-14-2018
73

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი კორუფციის თემას ეხმიანება. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებს არა თუ არ ჩამოვუვარდებით, შეიძლება ვუსწრებდეთ კიდეც.

"რაც შეეხება კორუფციის თემას, გუშინ ევროპარლამენტარს რებეკა ჰარმსს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა და ამბობდა იმას, რომ საქართველო არის უფრო წარმატებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც კორუფციასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვადარებენ არა ჩვენს მეზობლებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათთან შედარებითაც კი , ბევრ მათგანთან შედარებით ჩვენი ქვეყანა არის ამ მიმართულებით უფრო წარმატებული.

რაც შეეხება იმას არის თუ არა ამ მიმართულებით რაიმე გასაკეთებელი, მე ვფიქრობ რომ არის. თუ ჩვენ საზოგადოებას სჭირდება მეტი განცდა იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმი არის გამართული და ეფექტური და არც ერთი ფაქტი კორუფციისა ყურადღების მიღმა არ დარჩება და არ შერჩება არავის მსგავსი ქმედებები, მაშინ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და მე ამ კუთხით რეფორმებს მხარს დავუჭერ. ჩვენ შეგვადარეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათ ნაწილთან შედარებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილთან შედარებითაც კი ამ კუთხით არა თუ არ ჩამოვუვარდებით, შეიძლება ვუსწრებდეთ კიდეც", განაცხადა ჩუგოშვილმა.