ლევან იზორია - ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება

11:39 11-15-2018
55

ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

„ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება. სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარეთ სამხედრო მოსამსახურეებთან, რის შედეგადაც დავადგინეთ პრიორიტეტული საჭიროებები. განსაკუთრებული მოთხოვნა მსგავსი ტიპის სამედიცინო ცენტრის არსებობის იყო სწორედ დასავლეთ საქართველოშიც, როგორც ეს გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში. ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დასავლეთ საქართველოშიც გვქონოდა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი. ძალიან კვალიფიციური კადრებით იქნება დაკომპლექტებული და უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას. რაც მთავარია, ცენტრი დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იმ სამხედრო მოსამსახურეებს გაუწევს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული. მათი ოჯახებიც სამედიცინო სერვისებით ისარგებლებენ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

პროექტის საერთო ღირებულება ოთხ მილიონ ლარს შეადგენს.