მირზა სუბელიანს უახლოეს დღეებში მოვინახულებ, - ამის შესახებ მირზა სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ადვოკატის თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ დღევანდელ პროცესზე მირზა სუბელიანი არ დაესწრებოდა.
„ამჟამად სუბელიანი ჩართულია სუიციდის პრევენციის პროგრამაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მე არაფერი ვიცოდი და აუცილებლად მოვინახულებ", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღეს სასამართლო პროცესი გადაიდო.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.