საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი პრინციპულ არჩევანს გააკეთებს.
მისი თქმით, არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით, შეუსაბამო აჟიოტაჟია ატეხილი.
"არჩევნების თარიღი დანიშნულია კანონმდებლობის შესაბამისად. თუკი ემიგრანტებისთვის რაიმე უხერხულობა იქმნება, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ხმის მიცემის პროცედურა საარჩევნო უბნებზე ღამის 12 საათამდე გაგრძელდეს, რაც დარწმუნებული ვარ ამ უხერხულობას მოხსნის. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლება საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე.
რაც შეეხევა თემისგან აჟიოტაჟის შექმნას მახსოვს, რომ წინა წლებშიც არჩევნები ინიშნებოდა ჩვეულებრივად არა უქმე დღეებში და თითქოს ამას ისეთი აჟიოტაჟი არ მოყოლია. ახლა რატომ ხდება ყველა საკითხი ასეთი განხილვის, მსჯელობისა და ბრალდების საგანი, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები.
ყველას ეძლევა ხმის მიცემის საშუალება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები , რომლებიც საკმაოდ აქტიურები არიან, საკმაოდ აქტიურია ეს წინასაარჩევნო პროცესი, მეორე ტურში ყველა თავის პრინციპულ არჩევნას გააკეთებს.
ჩვენ არ გავყოფთ საკუთრივ ჩვენს და არა ჩვენს ამომრჩეველს. ყველა ამომრჩევლისთვის ვცდილობთ, რომ შეიქმნას თანაბარი და ხელსაყრელი პირობები. მეორეს მხრივ, ხმის მიცემა არის მოქალაქეობრივი ვალდებულება, მართალია კანონმდებლობით არ არის ეს ვალდებულება განსაზღვრული, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ყველას გაგვაჩნია საკუთარი მოქალაქეობრივი შეგრძნება და გამომდინარე აქედან დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში ძალიან მაღალი აქტივობა იქნება", - აცხადებს დეპუტატი.