მაია ცქიტიშვილი სტუდენტებთან შეხვედრაზე - ბევრი მიმართულებით შეგვიძლია სასარგებლო ვიყოთ ერთმანეთისთვის

11:01 11-17-2018
53

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორებსა და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

მინისტრმა, მინისტრის მოადგილეებმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. მინისტრმა მიაწოდა სტუდენტებს ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობისთვის საჭირო პროფესიებისა და თეორიული ცოდნის საველე სტაჟირებით გამყარების შესაძლებლობის შესახებ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები სტაჟირებისა და დასაქმების საკითხებით დაინტერესდნენ. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სათანადო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შემდეგ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობა ბევრი მიმართულებითაა შესაძლებელი, სადაც დღეს კვალიფიკაციური კადრების დეფიციტია. გამოითქვა კონკრეტული ინიციატივებიც.

„სამშენებლო სექტორში ბევრი მიმართულებით გვაქვს კონკრეტული საჭიროებები კადრებთან დაკავშირებით. ტექნიკური უნივერსიტეტი არის ასეთი კადრების ძირითადი სამჭედლო და მომწოდებელი. ჩვენი ამოცანაა, პროფესორ მასწავლებლებთან ერთად, ხელი შევუწყოთ მომავალი თაობის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას და მივიღოთ ისეთი პროფესიონალები, რომლებიც ნებისმიერ პროფესიაში ყველაზე საპასუხისმგებლო რგოლსაც წარმატებით გაუძღვებიან. ვფიქრობ, კარგად გავიგეთ ერთმანეთის საჭიროებები და შევთანხმდით, რომ ბევრი მიმართულებით შეგვიძლია სასარგებლო ვიყოთ ერთმანეთისთვის“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მადლობა გადაუხადა მაია ცქიტიშვილს პროექტისთვის, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს. ეს არის ხიდსაცდელი ცენტრის მხარდაჭერის პროექტი, რომელსაც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 6.5 მილიონი ლარია.

ამ ეტაპზე, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში არსებული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დამატებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოცხადებული აქვს ტენდერი ხიდებისა და გვირაბების მდგომარეობის დასადგენად საჭირო თანამედროვე მოწყობილობის, აპარატურისა და ინვენტარის, მათ შორის რეგიონში პირველი ავტომობილის შეძენაზე, რომელშიც დამონტაჟებულია ყველა საჭირო აღჭურვილობა.

პროექტი, ასევე ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების გადამზადებას.

 

ავტორი: