ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ სამუშაოებში ჩართულ მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ

13:12 11-17-2018
118

ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ სამუშაოებში ჩართულ მაშველებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

დღეს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შეხვდა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მამუკა ბახტაძე შეხვდა იმ მეხანძრეებს და მაშველებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ფონიჭალის სამუშაო ღონისძიებაში. ჩვენ პრემიერის უშუალო დაქვემდებარებაში ვართ და ყოველთვის ვგრძნობთ უშუალო მხარდაჭერას, რაც გამოიხატება მაგალითად ბიუჯეტის გაზრდაში. რეალურად, დღევანდელი შეხვედრაც იმას ემსახურებოდა, რომ თანადგომა ყოფილიყო გამოხატული. ჩვენ ასევე ჩართული ვიყავით, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესული თავიანთ სახლებში, რათა ნივთები გამოეტანათ.

რაც შეეხება ფულად ჯილდოებს, ეს სტანდარტი უკვე დამკვიდრებულია, რომ ყველა იმ მაშველს, რომელიც ჩვეულებრივზე საფრთხის შემცველ საქმეს შეასრულებს ან გამორჩეულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ამას ყოველთვის ვაკეთებთ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება”, – განაცხადა ხუციშვილმა.

15 ნოემბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე, ზემო ფონიჭალაში, კორპუსის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, 9 თვის შვილთან ერთად. ასევე, მძიმე დაზიანებები მიიღო 3 ადამიანმა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია. 28 ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, თუმცა მერიამ მათი ბინებით დროებით უზრუნველყოფა იმავე დღეს მოახერხა.

 

ავტორი: