ქართველი სამხედროები იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას. აქედან გამომდინარე, მათი პასუხისმგებლობის საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია არის კატეგორიულად მიუღებელი, –განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგაში მიმდინარე გამოძიების შესახებ.
„სხვა მოლოდინი არც შეიძლება საქართველოს მხარეს ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ დადგეს სწორედ რუსი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი. ქართველი სამხედროები იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას. აქედან გამომდინარე, მათი პასუხისმგებლობის საკითხზე ნებისმიერი სპეკულაცია არის კატეგორიულად მიუღებელი. პროცესი მიყავს იუსტიციის სამინისტროს და ვეხმარებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობის კუთხით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, სპეკულირება ყოვლად დაუშვებელია, საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება.
„გაერო-ს ყველა წევრი ქვეყანა არის ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით. თავად პროკურორი ფატუ ბენსუდა აღნიშნავს ძალიან ეფექტიან თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან.
რაც შეეხება სპეკულაციებს, რომელსაც ვისმენთ მთელი ამ დღეების განმავლობაში, მინდა, ყველას მოვუწოდო, ნუ იყენებენ ამას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, რადგან ეს არის სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე. სახელმწიფოს ინტერესებს ეხება და ძალიან რთული იურიდიული პროცედურებია“, – განაცხადა მინისტრმა.