ილია კოკაია გრიგოლ ვაშაძეს პასუხობს

11:07 11-19-2018
566

„მხოლოდ პოლიტიკოსების ერთმანეთის ლანძღვა და გინება არა მგონია, უფრო მისაღები იყოს, ვიდრე იგივე სპორტის დაფინანსება“

 

„განსაკუთრებულად გაუგებარი და მიუღებელია ჩემთვის სპორტზე თავდასხმა იმ ადამიანისგან, რომელსაც პრეზიდენტობის პრეტენზია აქვს - ასე გამოეხმაურა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი ილია კოკაი გრიგოლ ვაშაძის  Deutsche Welle-თან ინტერვიუს. ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა გერმანულ გამოცემასთან სპორტის ბიუჯეტიდან დაფინანსება გააპროტესტა:

„ჩვენ ბიუჯეტში ხარჯებს შევამცირებთ. ეს სულელური ხარჯები მხოლოდ იმისთვისაა, რომ არჩევნებზე გაიმარჯვონ. დაფინანსება ფეხბურთის პროგრამების, ბეისბოლის გუნდის, ჰოკეის ნაკრების – წარმოგიდგენიათ ეს იდეალიზმი? ამ თანხებს ჯანდაცვაში და სოციალურ პროგრამებში, განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოვიყენებთ“, – თქვა ვაშაძემ.

ილია კოკაიას შეფასებით, რა თქმა უნდა ხელისუფლებამ სოციალური პროგრამები მაქსიმალურად უნდა დააფინანსოს, თუმცა, ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა მოხდეს ეს სპორტის ხარჯზე, მაშინ როცა, მაგალითად ათი ათასობით თანხები შეიძლება გამოთავისუფლდეს თუკი იგივე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა და ათობით ფიქტიური პარტია ჯამში მილიონობით ლარით არ დაფინანსდებიან:

„იმედი მაქვს, დადგება ის ბედნიერი დღე, როცა სპორტს დახმარება აღარ დასჭირდება. მაგრამ დღეს ის განვითარების ეტაპზეა და დახმარება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სპორტში ახალგაზრდები არიან ჩართულნი, მათ მოტივაცია სჭირდებათ, ეს ხომ ქვეყნის წარმატებას და ჯანმრთელ თაობას ნიშნავს. ასე რომ, ვაშაძის განცხადება ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მხოლოდ პოლიტიკოსების ერთმანეთის ლანძღვა და გინება არა მგონია, უფრო მისაღები იყოს, ვიდრე იგივე სპორტის დაფინანსება.

ილია კოკაიას განმარტებით, დაფინანსების ფორმულა შესაძლოა შესაცვლელი ან დასახვეწია, თუმცა, უკვე ამ მიმართულებითაც იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

– უკვე წელს, თუ არ ვცდები, 8 ახალი სტადიონი აშენდა. ეს დიდი დეფიციტი იყო. სფერომ გამოცოცხლება დაიწყო, განსაკუთრებით რეგიონებში. ასე რომ, ასეთი დამოკიდებულება, მით უმეტეს, პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან, სრულიად გაუმართლებელია, – აცხადებს ილია კოკაია.