აზარტული თამაშების საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში

12:05 11-19-2018
43183

ავტორი: თამუნა დალაქიშვილი

ბოლო რადენიმე წელია, აზარტული თამაშების მძიმე სტატისტიკა ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევა გახდა. სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული ქსელში, რომელიც არა მხოლოდ სოციალურ, დიდ ეკონომიკურ პრობლემად გვექცა. აზარტული თამაშები ჩვენნაირი ქვეყნების პრობლემაა, მაღალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებს ეს თემა ასე მძიმედ არ აწევს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული სესხებით თამაშობენ, სადაც 260-ლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანები მთელ ხელფასს კაზინო-ტოტალიზატორში ტოვებენ და უკანასკნელი კაპიკების გარეშე რჩებიან. ბოლო პერიოდში გაზრდილია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ადამიანების სუიციდის ფაქტები. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ უამრავი მძიმე ისტორიაა, როგორ ამთავრებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით უსახლკაროდ, ოჯახის, მიზნის გარეშე დარჩენილი ადამიანები.

უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მიდის საუბრები ახალ რეგულაციებზე, რომელიც გააკონტროლებს ამ სექტორს და მასში ჩართულ ადამიანებს, შეიქმნა სამთავრობო კომისია, მიმდინარეობს საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრებიც. ეს თემა, როგორც ჩვენი საზოგადოების დიდი პრობლემა, ხშირად ხვდება უფლებადამცველთა ანგარიშებსა და კვლევებში, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ ქვეყანაში სახიფათო მასშტაბი მიიღო.    

თამარ ჯაფარიძე ლუდომანის დედაა, მან საკუთარ თავზე გადაიტანა ყველა ის განსაცდელი, რასაც თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრები გადიან. თამარმა დანებებას ბრძოლა არჩია, ორი წლის წინათ  სამოქალაქო მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ შექმნა და დღეს თავად ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც დამოუკიდებლად ამ პრობლემასთან გამკლავება უჭირთ: ლუდომანი შვილების გამო უსახლკაროდ დარჩენილი დედებისთვის თავშესაფარს ეძებს, მათ ფსიქოლოგების კონსულტაციებით ეხმარება. დღის განმავლობაში უდიდეს დროს ის სხვადასხვა კაზინოსთან ატარებს, თავად ატარებს „კვლევას“, რამდენი მოთამაშე შედის კაზინოში ერთი საათის განმავლობაში, რამდენია მათ შორის ახალგაზრდა, ქალი. თამარი აქტიურად არის ჩართული სამუშაო ჯგუფში, რომელშიც პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საპატრიარქო, ეკონომისტები, ფსიქიატრები არიან გაერთიანებული და ახალ რეგულაციებზე მუშაობენ. თამარი ამბობს, რომ იმედი აქვს, რომ ინიციატივები, რომელთა განხილვაც   თითქმის ერთი წელია, გრძელდება, კანონმდებლობად იქცევა და შეზღუდვები, რომლებიც დაუწესდებათ როგორც თამაშზე დამოკიდებულ პირებს, ისე სათამაშო ბიზნესს, სიტუაციას რადიკალურად შეცვლის:

თამარ ჯაფარიძე:

– მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვისაც აზარტულმა თამაშებმა ცხოვრება ტრაგედიად უქცია. ჩემი შვილი „გეპეის“ სტუდენტი იყო, სწორედ იქ  დაიწყო მისი გატაცება აზარტული თამაშებით, რასაც  წლებია, თავს ვეღარ ვაღწევთ. თავიდან ვერაფერს ვხვდებოდი, 25 წელი მასწავლებელი ვიყავი, ზესტაფონის სკოლაში ვმუშაობდი, იქ როგორ გავიგებდი, რომ ჩემი შვილი კაზინომ ჩაითრია. 17-18 წლის სტუდენტი ბიჭი გამოდის ინსტიტუტიდან და იქვე, 200 მეტრში,   ხედავს კაზინოს გაკაშკაშებულ მატყუარა რეკლამას. მისი ცდუნება ძნელი არ არის. ძალიან გვიან მივხვდი, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ერთ დღეს მისი სამსახურიდან დამირეკეს, რომ ჩემმა შვილმა სამსახურის 700 ლარი მიითვისა, მერე გავიგე, რომ კაზინოში წაეგო. რა თქმა უნდა, სამსახურიც დაკარგა. მე მივატოვე სამსახური, სახლი, გადმოვედი თბილისში, გადავწყვიტე, რომ გადავარჩინო როგორც ჩემი შვილი, ისე მისი ტოლები, რომლებიც ასე იღუპავენ ცხოვრებას და თანადგომა გამოვუცხადო ჩემნაირ დედებს.

– ამ მიმართულებით ორი წელია მუშაობთ, ბევრი ინფორმაცია გაქვთ. დღეს რა მდგომარეობაა? თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანია ჩართული აზარტულ თამაშებში?

– დღეს არის უმძიმესი მდგომარეობა. მინდოდა კვლევის გაკეთება, მაგრამ ფინანსების მოძიება არ არის იოლი, კვლევას კი სახსრები სჭირდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ნახევარ მილიონზე მეტი, დაახლოებით 600 000 ადამიანია ჩართული აზარტულ თამაშებში. მათი 56% ახალგაზრდაა. მე მიკავშირდებიან დედები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, უმძიმეს ისტორიებს მიყვებიან. მაქსიმალურად ვცდილობ მათ დახმარებას, ლუდომანთან ურთიერთობას სხვა სპეციფიკა აქვს. ახლა ვიცი, ადრე, სამწუხაროდ, არ ვიცოდი. გასულ წელს ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. ასეთივე შემთხვევა მოხდა წელს ლაგოდეხშიც. ამ ზაფხულს თბილისიდან ბათუმში ბებიასთან ჩავიდა 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც ბათუმშიც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა აზარტული თამაშების გამო და  მან თავი ჩამოიხრჩო. ასეთი ინციდენტი საკმაოდ ბევრია, თუმცა მათი აღიარება არ ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, რა თქმა უნდა, მკაცრად აქვს რეგისტრირებული სუიციდის ფაქტები, მაგრამ  ის, რომ ამ ფაქტების უმეტესობა აზარტულ თამაშებთან არის დაკავშირებული, არსად არ აღირიცხება.     

– როდის იგეგმება ახალი რეგულაციებისა  და შეზღუდვების ამოქმედება, რაზეც თითქმის ერთი წელია, მიდის მუშაობა?

– მე ამ ჯგუფში აქტიურად ვარ ჩართული, კანონპროექტი მუხლობრივად უკვე დამუშავებულია, მაგრამ ჯერ არც წარდგენა მომხდარა და არც საკომიტეტო მოსმენები არ დაწყებულა. ინიციატივების ავტორი იყო ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ მათი ინიციატივები მაინც უფრო ფინანსური კუთხით იყო წარმოდგენილი, მუშაობის პროცესში, მათ ბევრი არსობრივი საკითხი დაემატა. ამ ჯგუფში ვმუშაობთ რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, შეიცვალოს  მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვარი, დაწესდეს ერთიან მონაცემთა ბაზა, შეიქმნას ე.წ. შავი სია, რომელში მოხვედრილ ადამიანებსაც სათამაშო ობიექტებზე შესვლა აეკრძალებათ. ყველას გაცნობიერებული აქვს, რამდენად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, ოფიციალურად აზარტულ თამაშებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული, მათი 75% ონლაინთამაშებზე მოდის, რომელთა ასაკი 14-დან 21 წლამდე მერყეობს, საერთო მოთამაშეთა რიცხვი მილიონს აჭარბებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მოზარდებში, ონლაინთამაშებში ჩართული მოზარდების 44% ვაჟია, 15% – გოგონა. არ არსებობს მოთამაშეთა ერთიანი ბაზა, რისი შექმნაც იყო ჩვენი ერთ-ერთი  მთავარი მოთხოვნა. ერთიანი რეესტრის არსებობის შემთხვევაში, ადამიანს დაეკისრება ვალდებულება, თუ ის არის აზარტული თამაშების მომხმარებელი, დაფიქსირდეს ამ რეესტრში, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ოფიციალური, სტატისტიკური ინფორმაცია, რამდენი ადამიანია  ჩართული ამ სფეროში. ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა ითამაშოს, ის ვალდებულია, მივიდეს შემოსავლების სამსახურში და დარეგისტრირდეს ოფიციალურ მოთამაშედ. ეს ადამიანი უნდა იყოს ოფიციალური სტატუსის მატარებელი. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის წესდება გარკვეული შეზღუდვები და არის ხელშემშლელი ფაქტორი მუშაობის დაწყების დროს. გასაგებია, რომ ადამიანები ამ ფაქტორისა თუ სხვა გარემოებების გამო თავს აარიდებენ ამ სიაში მოხვედრას, შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ თამაშს. საუბარია საჯარიმო სანქციაზე, დაახლოებით ათი ათასი ლარის ფარგლებში, რომელიც დაეკისრება სათამაშო ობიექტს, თუ ასეთ ადამიანს, რომელიც არ არის დარეგისტრირებული ამ ბაზაში, სათამაშო ობიექტზე დაუშვებს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს თამაშის დაუძლეველი სურვილი, ის ყველა შემთხვევაში დარეგისტრირდება. არიან ადამიანები, რომლებიც ამით ცხოვრობენ. ისინი ვერ შეძლებენ არალეგალურად თამაშს. ახალი რეგულაციებით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყების წინ, ადამიანმა უნდა წარადგინოს ცნობა, არის თუ არა ის მოთამაშეთა ერთიან რეესტრში. ამას გარდა, უნდა შეიქმნას ე.წ. შავი სია, განრიდების სია. მოთამაშეს, რომელსაც აქვს სურვილი, მოხვდეს ამ სიაში, უნდა მივიდეს იუსტიციის სახლში და განაცხადოს თვითაკრძალვა, გაიაროს რეგისტრაცია და მას აღარ დაუშვებენ სათამაშო ობიექტზე. ამის უფლება, ასევე, ენიჭება მესამე პირს, მისი ოჯახის წევრს, დედას, მამას, ბებიას, ბაბუას, მეუღლეს, დას, ძმას. მან სასამართლოში უნდა  წარადგინოს მტკიცებულება, რომ ლუდომანიით დაავადებული მისი ოჯახის წევრი არის მოძალადე, მათ აყენებს დიდ ფინანსურ ზარალს. სასამართლომ ასეთი საქმის განხილვა უნდა განახორციელოს არაუგვიანეს ათი დღისა და ასეთ ადამიანს სასამართლო წესით  სამი წლის ვადით ეკრძალება დაშვება ქვეყნის მასშტაბით, როგორც სათამაშო ობიექტებზე, ისე იბლოკება ონლაინთამაშებზე.     

 – როგორ გაკონტროლდება ონლაინთამაშის სივრცე?

– ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალური მხარდაჭერა მივიღეთ საბანკო სექტორიდან. ადამიანი, რომელიც იწყებს თამაშს, აუცილებლად უნდა იდენტიფიცირდეს ბიომეტრიული მონაცემებით. არასრულწლოვნები, რომლებიც სარგებლობენ სხვისი პირადი მონაცემებით და პლასტიკური ბარათებით, ტექნიკურად ვეღარ შეძლებენ სხვისი პირადი მონაცემებისა და ანგარიშების გამოყენებას. მათ, თუ არ იქნებიან მონაცემთა ბაზაში, არ ექნებათ დაშვება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოთამაშეთა ასაკის ქვედა ზღვრის განსაზღვრა. ფინანსთა სამინისტრომ შემოგვთავაზა. შეზღუდვა დაწესებულიყო 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე, შემდეგ ასაკი გაიზარდა 23 წლამდე, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, საქართველოს მოქალაქეებს 25 წლამდე შეეზღუდოთ ყველა სახის აზარტულ თამაშებში ჩართვა. ამ ეტაპზე ჯერ არ მომხდარა საბოლოო შეთანხმება.          

 – როგორც ცნობილია, ჯერჯერობით ვერ ხერხდება შეთანხმება სათამაშო ბიზნესთან რეკლამის აკრძალვის თაობაზე?

– ეს საკითხი ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს აზარტული დაწესებულებებისა და ონლაინთამაშების რეკლამა, სატელევიზიო სივრცეში, მათი რეკლამირება დასაშვებია მხოლოდ სპონსორობის დროს სპორტულ გადაცემებში. ჩვენ ვითხოვთ, ამუშავდეს ანტისარეკლამო კამპანია, ამას უნდა დაემატოს სათამაშო დაწესებულებების გახსნის შეზღუდვა და სათამაშო ობიექტების მოცილება საგანმანათლებლო და სასკოლო დაწესებულებებიდან, რელიგიური დაწესებულებებიდან. სათამაშო ობიექტების რეკლამირება ბილბორდებზე და მათი განთავსება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ საზღვრისპირა რაიონებში, აეროპორტებში. ჩვენი მთავარი მიზანია, სათამაშო ბიზნესზე ხელმისაწვდომობა არ იყოს ასე მარტივი და საქართველოს ყველა მოქალაქე მაქსიმალურად იყოს დაცული ამ  სივრცისგან. მე გახლდით ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვაზე და ძალიან დამწყდა გული, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან, რომელიც 70 მილიონ ლარზე მეტია, არსად ფიგურირებს თანხები ნარკოდამოკიდებულებისა და ლუდომანების რეაბილიტაციისთვის. ეს ხომ ჩვენი საზოგადოებისთვის უზარმაზარი პრობლემაა. ჩვენი მიზანია, ლუდომანიით დაავადებული ადამიანებისთვის, თუნდაც მუნიციპალიტეტების ბაზაზე, არსებობდეს ფსიქორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც მათ გაეწევათ სამედიცინო-სამკურნალო და ფსიქოლოგიური დახმარება, რათა ამ ადამიანებმა საზოგადოებაში ინტეგრირება შეძლონ.

 

ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლუდომანებთან მუშაობის ხანგრძლივი პრაქტიკა აქვს და კარგად იცის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემები. ის წლებია, იკვლევს დამოკიდებულების ფენომენს და როგორც ამბობს, ფინალი, რომელსაც გადიან თამაშზე დამოკიდებულები, უკიდურესად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს:

მარინა კაჭარავა:

– გასაკვირი არ არის, რომ აზარტული თამაშები ჩვენთან ასეთი მასშტაბური გახდა. ზოგადად, აზარტი არის ენერგეტიკა, პოზიტიური ენერგეტიკა, როცა ეს ეხება სპორტს, მეცნიერებას, შრომას. აზარტული ადამიანები უფრო მეტი ენერგიით აკეთებენ საქმეს, ვიდრე ადამიანები აზარტის გარეშე, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, ენერგეტიკა რა კალაპოტში მოხვდება და რა მიმართულებით განვითარდება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის F დიაგნოზი,  რომელიც ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ დაავადებათა ნუსხაშია შეყვანილი. ეს თემა ამერიკაშიც აქტუალურია, თუმცა მას ყველა ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზი აქვს, საბაბიც ძირითადად სხვადასხვაა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დიდი ნაწილი, უმუშევრობა, მცირე შემოსავალი, ეს არის ფაქტორები, რომლებიც ადამიანს უბიძგებს თამაშისკენ, რომ მისი მეშვეობით შემოსავალი გაუჩნდეს. ქვეყანაში. სადაც 200-300-ლარიანი ხელფასებია, აზარტულ თამაშებში ჩართულმა ადამიანმა შესაძლოა, ათასობით ლარი მოიგოს და წააგოს, მისთვის 200 და 300 ლარი ფული აღარ არის. მას საერთოდ ეკარგება მუშაობის მოტივაცია. არის ადამიანების ნაწილი, ვინც ერთობა აზარტული თამაშებით, თუმცა ესეც პრობლემაა, რადგან ხშირად გართობიდან დამოკიდებულებამდე ბევრი არაფერი რჩება. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორი გენეტიკური მოცემულობა გვაქვს. რასაკვირველია, მე არ ვგულისხმობ გენებსა და ქრომოსომებზე საუბარს, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური გენეტიკა, არიან თუ არა აზარტულები ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუა. კარტის, ნარდის თამაში ფულზე, ათასი ლატარია, დევიზი, გადაფხიკე და მოიგე, ყველაფერი კავშირშია აზარტთან, თუ არის აკვიატებული ქცევები, პატერნები, უკვე გვაქვს პრობლემა. ის ასოცირებულია სპორტთან, ნახეთ როგორია ტოტალიზატორის მოწყობა, თუ მე კარგად ვერკვევი ფეხბურთში, მიჩნდება ამბიცია, რომ შემიძლია, გამოვიანგარიშო, გამოვთვალო მოგება-წაგება. ინტერნეტში საიტს გახსნი და ამოგიხტება რეკლამა, რომელიც „გატყობინებს“, როგორ გაზრდი წამებში შენს ფინანსებს.      

– რეკლამა ასეთი მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ფაქტორია თამაშის ცდუნებისთვის?

– რა თქმა უნდა, არის. უდიდესი პრობლემაა ადვილი ხელმისაწვდომობა. სათამაშო სახლები რომ იყოს წითელ ხიდთან, ყაზბეგში, თბილისიდან სადმე შორს, იქ ათიდან ორი მოთამაშე წავა. დღეს, როდესაც ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია კაზინო, ტოტალიზატორი, ათიდან ცხრა შედის. გამოდის სტუდენტი შესვენებაზე ტექნიკური უნივერსიტეტიდან, პირდაპირ აქვს კაზინო, რატომ წავიდეს სადმე შორს? შედის კაზინოში, სადაც ჩაიც არის, ყავაც, ნამცხვარიც, ამიტომაცაა, რომ სტუდენტები მარტივად ებმებიან თამაშში. სლოტ-კლუბი, ლომბარდი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – მთელი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, რომ ითამაშო. მოგდის სმს-შეტყობინება, თვითონ გირიცხავენ ფულს, რომ ითამაშო, ასეთი ფულით რომ თამაშობ, რასაკვირველია, ის უნდა წააგო.

– რა ფსიქოლოგიური მახასიათებლები აქვთ მოთამაშეებს?

– ფსიქოლოგიური მახასიათებლები ნამდვილად არის წანამძღვრები თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის. ეს არის ინფანტილიზმი, თამაში არის ბავშვის ქცევა, და როდესაც ის ხდება მთავარი ქცევა ზრდასრულ ასაკში, ბუნებრივია, ეს ნიშნავს მის გაჩერებას გარკვეულ ასაკობრივ ზონაში. თუ დააკვირდებით, ადამიანები, რომლებიც არიან მოთამაშეები, აღარ ვითარდებიან. იმ ასაკში, რა ასაკშიც იწყებენ თამაშს, თითქოს წყდება მათი განვითარება. მოთამაშეები ხშირად არიან ისინი, ვინც სკოლაში კარგად სწავლობდნენ მათემატიკას და აქვთ ამბიცია, რომ იმდენად კარგად იციან გათვლა, ანგარიში, ადვილად ვერ მოტყუვდებიან. ამის გამო ისინი უფრო მამაცად თამაშობენ. არსებობს ორგვარი დამოკიდებულება. ერთია პროცესზე დამოკიდებულება და მეორე – შედეგზე დამოკიდებულება. ამ ორ დამოკიდებულებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ვისთვისაც პროცესია მთავარი, ის უფრო ავადდება ლუდომანიით, ვიდრე შედეგზე დამოკიდებული ადამიანი. როდესაც არ დგება შედეგი, ადამიანმა შესაძლოა, ხელი აიღოს ამაზე, მაგრამ როდესაც ის სიამოვნებას იღებს პროცესისგან და მისთვის სულ ერთია მოგება-წაგება, ამ შემთხვევაში პრობლემა უფრო რთულია. ამ ადამიანების ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მახასიათებელია დაბალი თვითშეფასება. თამაში აკომპენსირებს ამ განცდას. ის, რომ მისთვის ფული არ არის ღირებულება, და სხვა კაპიკებს ითვლის და ფული ენანება სათამაშოდ, არის თვითშეფასების გაზრდის მცდელობა. მოთამაშე ამით ტრაბახობს, ამაყობს კიდეც, კაზინოში მოხვედრილები კარგავენ განცდას აქ და ამჟამად, რადგან სათამაშო სახლებში მოწყობილი გარემო, განათებები, სივრცე, სადაც არ არის ფანჯარა, საათი, მათ აკარგვინებს რეალობის შეგრძნებას, რაც  ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის დიდი პრობლემაა. ეს მძაფრი ლტოლვაა, რომლის შემთხვევაშიც ადამიანი ვერ აზროვნებს კარგად. ეს ახასიათებს დიდ ემოციებს, ძალიან შეყვარებული ადამიანი კარგად ვერ აზროვნებს, იგივე ემართება ძალიან გაბრაზებულ ადამიანსაც. როდესაც თამაში ხდება დომინანტური მოთხოვნილება, მოთამაშეს, თამაშის გარდა, არ ახსოვს ცოლი, შვილი, ჭამა-სმა, მეგობრები, მისთვის სხვა სიამოვნება აღარ არსებობს.            

– რატომ არის ასე მრავალფეროვანი თამაშზე დამოკიდებული ადამიანების სეგმენტი? მასში ჩართულია არასრულწლოვანიც,  ქალიც,  ასაკოვანი ადამიანიც... რატომ მოიცავს ეს ფენომენი ასე ყველას ერთად?    

– ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ცალკე განხილვის თემაა, ერთი სათაურის ქვეშ ვერ მოთავსდება. ქალებთან დაკავშირებით კიდევ უფრო რთულად არის საქმე. ქალიც და კაციც ღირსებით, რასაკვირველია, თანასწორები არიან, განსხვავება არის მხოლოდ ფიზიოლოგიური ასპექტი და შესაძლებლობებიც სხვადასხვაა, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. არსებობს ქალი მოჭიდავე და მამაკაცი, რომელიც უკრავს ვიოლინოზე, მათი ფიზიკური ძალა არათავსებადია. მოთამაშე ქალებთან დაკავშირებით მიზეზები კარგად არ არის ცნობილი, არ ვიცით, რატომ ანებებს ქალი თამაშს თავს უფრო ძნელად, ვიდრე მამაკაცი. როდესაც ქალი მოხვდება ამ გარემოში, როგორც მისი სადიზმი უფრო შორს მიდის ხოლმე, ვიდრე მამაკაცის, ზუსტად ასევეა აზარტულ თამაშთან და ნარკოტიკთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანი 45 წლის ასაკში იწყებს თამაშს, მას აქვს ეგზისტენციალური პრობლემა. ის არის არააქტუალიზებული და შეუმდგარი პიროვნება, ვერ გაურკვევია საზრისი, ეგზისტენცია, ვინ არის, რა არის მისი არსებობის მიზანი, რატომ ცოცხლობს და ა.შ.  არ აქვს მნიშვნელობა, მას 45 წლამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა თუ ბიზნესი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ქალსაც და მამაკაცსაც აქვთ კრიზისული პერიოდები, ეს არის მენოპაუზა, თუ კლიმაქტერული პერიოდი, ამ პერიოდში ხდება გამძაფრება. „ცარიელი ბუდის“ სინდრომსაც ეძახიან, როდესაც ადამიანი მთლიანად კარგავს ფუნქციას და მას ავსებს მსგავსი „სისულელეებით“. მოთამაშეებს სხვადასხვა მოტივაციები აქვთ, მდიდარს გართობა სურს, ღარიბს – გამდიდრება. შესაძლოა, ღატაკსაც მოუნდეს გართობა, მაგრამ მას ამისთვის ფული არ აქვს. ზოგადად, მდიდრისა და ღარიბის ფსიქოლოგია რადიკალურად განსხვავებულია. კერძო სკოლაში არიან მოზარდები, რომლებიც კარგად სწავლობენ, მაგრამ ამით ვერ აკომპენსირებენ თავის მდგომარეობას, რომ მას თანაკლასელის მსგავსად ჯიბეში ბევრი ფული არ აქვს. ამის შემდეგ მოზარდი იწყებს თამაშს, რომ იქნებ ფული გაუჩნდეს და ფულით გახდეს მასთან თანასწორი. რასაკვირველია, ყველა შემთხვევაში წაგებულია მოთამაშე, აქ არ არსებობს 50/50-ზე, რაც ალბათობის თეორიის მიხედვით დგება. თამაში არის ყველაფრის დანაკარგი, მისი საპირწონეა ფინანსური, ადამიანური, ოჯახური მდგომარეობის მოშლა. ადამიანები კარგავენ აბსოლუტურად ყველაფერს, დაწყებული პიროვნული ჩამოშლიდან, ოჯახის საბოლოო დანგრევამდე.  

– რა მეთოდებით მკურნალობენ დღეს ჩვენთან ამ დაავადებას და ბევრი ადამიანი ცდილობს ლუდომანიისგან განკურნებას?   

– მეც და ჩემს კოლეგებსაც გვყავს ბევრი პაციენტი, რომლებიც ცდილობენ, განიკურნონ ამ დაავადებისგან. ლუდომანთან მნიშვნელოვანია სტადია, მისი დამოკიდებულება თამაშის მიმართ რამდენად არის შეპყრობილი და თვითონ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა. მათი მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტოზური საშუალებებით, რომელიც ახერხებს გარკვეულწილად ლტოლვის კუპირებას, ისე ფსიქოთერაპიით. მე ოპტიმისტი ვარ და ადამიანის შესაძლებლობებს, თუნდაც ამ მიმართულებით, ძალიან ვაფასებ. გადამწყვეტი ხდება მოთამაშის მონდომება და სურვილი, თუკი მათ ეს ფაქტორები გაუჩნდებათ. ამ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ ოჯახისა და გარემოს მხარდაჭერა. ხშირ შემთხვევაში მოთამაშის ოჯახის წევრები თანადაავადებულები ხდებიან, რაც არ არის ადვილი. ფსიქოთერაპიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მოთამაშეს შევუვსოთ ის ეგზისტენციალური ვაკუუმი და სიცარიელის შიში, რაც მას თამაშიდან ჩამოშორების შემდეგ მძაფრად აწუხებს. ვიღაცისთვის ეს შესაძლოა, იყოს ახალი სიყვარული, შვილი, ახალი საქმე, მეგობრები, სპორტი, ასეთი ადამიანების ცხოვრებაში უნდა გაჩნდეს სიახლე, რომელიც დროდადრო ანაცვლებს თამაშის აზარტს.       

შეზღუდვები, რომელზეც მუშაობს სამუშაო ჯგუფი და რომელიც იგეგმება როგორც სათამაშო ბიზნესის, ისე თამაშში ჩართული ადამიანებისთვის, პრობლემას ვერ მოხსნის, მაგრამ სიტუაციას გააუმჯობესებს. თვითონ თამაშზე დამოკიდებული ადამიანები აღიარებენ თავის უძლურებას, მათგან ხშირად გამიგია, ნეტავ გადაიტანონ ეს კაზინო სადმე შორს, აქვე რომ არ იყოს, სხვა ქალაქში ხომ არ წავიდოდი თამაშისთვის, ნეტავ ტელეფონში არ მომდიოდეს სმს-შეტყობინება, არ ვხედავდე ამდენ რეკლამას, 30 ლარის მქონე ადამიანი ყაზბეგში ფიზიკურად ვერ წავა სათამაშოდ. ეს რეგულაციები იქნება შემაკავებელი ფაქტორი, თუ შეწყდება ლიცენზიების გაცემა და იქნება დათქმა, რომ ლიცენზიის გასვლის შემდეგ, მათ მოუწევთ ლოკაციის შეცვლა, ისინი მოემზადებიან იმისთვის, რომ წლების შემდეგ თბილისში კაზინო/სამორინე აღარ იყოს. დღეს ეს შესაძლოა, რეალურად არ ჩანს, მაგრამ  ნების არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია.         

 

 ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე წლებია, მუშაობს სათამაშო ბიზნესის რეგულაციებთან დაკავშირებით, პროფესიული კვლევების მიღმა არ მალავს პირად, საკმაოდ ემოციურ  დამოკიდებულებას სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით. როგორც ამბობს, სახელმწიფოში არ არის გაცნობიერებული, გარდა სოციალური პრობლემებისა, ფინანსურად რა საფრთხეს უქმნის ეს ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკას. მისი მონაცემებით, აზარტული თამაშების ბიზნესი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში, რომლის ბრუნვამ, ბოლო მონაცემებით, 5 მილიარდს გადააჭარბა. ფული, რომელიც ტრიალებს სათამაშო ბიზნესში, აკლდება ყველა სხვა სექტორს.

 ზურაბ კუკულაძე:

– აზარტულმა თამაშებმა ქვეყანაში საგანგაშო მასშტაბი მიიღო, აზარტული თამაშები ნებისმიერ ქვეყანაში სოციალური ფონის გამწვავების მნიშვნელოვანი ფაქტორია, მით უმეტეს, ჩვენი ტიპის ქვეყანაში, სადაც თავად სოციალური ფონი განაპირობებს მის წარმოქმნასა და გაძლიერებას. ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალია სოციალური ფონი, აზარტულ თამაშებს უყურებენ, როგორც გართობას. ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც დგას შემოსავლების პრობლემა და მაღალია სიდუხჭირე, ადამიანებისთვის აზარტული თამაშები შემოსავლის მიღების საშუალებაა, რომელიც აპრიორი წაგებაზეა ორიენტირებული. სათამაშო ბიზნესი დიდ პრობლემას ქმნის ეკონომიკისთვის. თუ დავაკვირდებით აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებელს, გასულ წელს იყო 5 300 000 მილიონი ლარი. ეს მაჩვენებელი აღემატება პრაქტიკულად ყველა სექტორის, მათ შორის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, საქართველოში არსებული თითქმის ყველა წარმოების ბრუნვას. როდესაც ბრუნვა 2011 წლიდან 2017 წლამდე გაზრდილია 330 000 მილიონი ლარიდან 5 300 000 მილიონ ლარამდე, ადვილი მისახვედრია, რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეკონომიკურ საქმიანობად, რომელშიც ადამიანები ფულს ხარჯავენ, არის ისეთი საქმიანობა, რომელიც არ ქმნის პროდუქტს, ეს თავისთავად ცვლის ეკონომიკის შინაარსს და ცვლის, რა თქმა უნდა, უარყოფითად. აზარტული თამაშები შედის მომსახურების სფეროში, რომელიც  გარკვეულწილად მნიშვნელოვანია, როდესაც ფული რჩება ეკონომიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ამ 5 მილიარდიდან დიდი ნაწილი რჩება აზარტული თამაშების მომწყობი პირების მოგებად, და ეს ეკონომიკაში ძალიან გაშლილი ფული შეიწოვება და მიდის სულ რამდენიმე ბიზნესჯგუფის ხელში. ნებისმიერი ინვესტიცია, თუ ის არ შექმნის ქვეყანაში პროდუქტს და ისე გავა ქვეყნიდან გარკვეული მოგებით, ის ამოდის ეკონომიკიდან და კვდება.

სათამაშო ბიზნესის ბრუნვის თანხის უმცირესმა პროცენტმა, თუნდაც ნახევარმა მილიონმა, კარტოფილის ბიზნესში რომ იტრიალოს, ეს ფული, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა გადაიხდის კარტოფილში, წავა კარტოფილის მწარმოებელთან, მომყვანთან, გამყიდველთან, დისტრიბუტორთან, საცხობის მეპატრონესთან და ა.შ. ასეთი ფული იშლება და ნაწილდება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. იმ შემთხვევაში, თუ ფული იკუმშება, ძალიან დიდი რაოდენობით აკუმულირდება ერთი ან ადამიანის ხელში, რომელიც ამ ფულს ან ანაბარზე განათავსებს, ან ქვეყნიდან გაიტანს და, დიდი ალბათობით, მოკლავს. აზარტული თამაშები არის ტექნოლოგიური სერვისი, რომლის განვითარებასა და წინსვლას განსაკუთრებული რეინვესტირება არ სჭირდება. ერთ პროგრამაში გადაიხდი ფულს და ის თავისით მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ არიან აზარტული თამაშების მომხმარებლები. ესენი არიან ძალიან დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 600 ათასია. ჩვენ ვიცით ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობები და ძალიან მარტივია იმის დათვლა, რომ აზარტული თამაშების აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 90% დაბალბიუჯეტიანია. რა ხდება ამ შემთხვევაში. ადამიანი, პირობითად ბოლო 10 ლარს ან ხარჯავს სამომხმარებლო ბაზარზე, დავუშვათ, ყიდულობს იგივე კარტოფილს, ვაშლს, პურს, ან მიდის ტოტალიზატორში სათამაშოდ. თუ არჩევანს ტოტალიზატორის სასარგებლოდ გააკეთებს, კარტოფილისა და ვაშლის ნაცვლად შერჩება წაგებული ფული, ის ფული, რომელიც აპრიორი მიდის აზარტული თამაშების სექტორში და აკლდება სხვა სექტორებს. 5 მილიონი ლარი, რაც არის აზარტული თამაშების ბრუნვა, ეს არის ნონსენსი. მშიერი ადამიანები გართობაში ხარჯავდნენ ფულს, ეს  ძალიან დიდი ეკონომიკური დარღვევაა. ამ სექტორის წარმატება განაპირობებს სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი სექტორების წარუმატებლობას. 

   – არცთუ ისე დიდია ამ ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხები იმ ბრუნვის ფონზე, რაც არის დეკლარირებული.

–  2011 წელს, როდესაც აზარტული თამაშების ბრუნვა იყო 330  მილიონი ლარი და ახლა 5 300 000 ლარია, სისტემა 1700%-ით არის გაზრდილი. ამის მსგავსად უნდა იყოს გაზრდილი შენატანები ბიუჯეტში. დაახლოებით 75 მილიონამდე ლარი იყო შენატანი ბიუჯეტში 330 მილიონი ლარის ბრუნვის პირობებში და 2017 წელს მიაღწია 170 მილიონ ლარს. აზარტული თამაშების ბრუნვის ზრდის პარალელურად ბიუჯეტის შენატანების პროცენტული რაოდენობა მცირდება. ამას განაპირობებს აზარტული თამაშების დაბეგვრის არაკლასიკური წესი, სათამაშო ობიექტის მფლობელი ლიცენზიისთვის იხდის ხუთი წლის ვადით ხუთ მილიონ ლარს და ამის შემდეგ იხდის მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. ამ პირობებში, როცა სისტემა არის ძალიან მზარდი, ეს სექტორი ყურადღების მიღმაა დატოვებული.

– როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს რეგულაციის ახალ წესზე, რომლის მიხედვითაც ფინანსური თვალსაზრისითაც იქნება ცვლილებები. 

– სკეპტიკურად არ მინდა გამოვიდეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ საბოლოოდ ეს რეგულაციები და ინიციატივები მხოლოდ საუბრებად რჩება და მეტი არაფერი. 2013 წლიდან ვარ ჩართული ამ საქმეში,  ყოველ წელს ხდებოდა დაანონსება, რომ სახელმწიფო აწესებდა სათამაშო ბიზნესის შეზღუდვას, მაგრამ მსგავსი არაფერი განხორციელებულა და საერთოდ არაფერი შეცვლილა. ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას უძღვებიან, არ იციან და ვერ აცნობიერებენ, ამ სექტორიდან მომდინარე პრობლემებს. განაცხადო, რომ რეგულაციები ბიზნესს ავიწროებს და ბიზნესს ხელი არ უნდა შევუშალოთ, არ არის სწორი პოზიცია. ჩვენ  სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემის გააზრებას, აქცენტირებულად ვისაუბროთ მძიმე მიზეზებზე, რომ არ დადგეს იმაზე მძიმე შედეგები, რაც დღეს გვაქვს. როდესაც პრიორიტეტებში ვსაუბრობთ რეკლამის შეზღუდვაზე, აზარტულ თამაშებს რეკლამას თუ ავუკრძალავთ, ის ნახევარი მილიონი ადამიანი აღარ ითამაშებს? რეკლამის აკრძალვა, პირიქით, ამ პირობებში კარგი იქნება აზარტული თამაშებისთვის. ჯერ ერთი, ორი წლით მაინც ყურადღება გადავა სხვა თემაზე, ამ თანხებს გამოიყენებენ სხვა მიმართულებით და აღარ დახარჯავენ პიარკამპანიებში, რასაც ხშირად იმიტომ აკეთებდნენ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებების კეთილგანწყობა მოეპოვებინათ. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები, რომელთაც პირდაპირ შეეხოთ ეს პრობლემა, და სხვებიც, არ ყრიან ფარ-ხმალს, აქტიურობენ ამ მიმართულებით. ვიცი, რამდენი ადამიანი და ოჯახი დაღუპა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ, ემოციურად ეს ძალიან  მძიმეა.