ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა აწარმოებდა მოლაპარაკებებს საბანკო სექტორთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებიც წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე, თუმცა კომპანია ვივუსმა თანამშორმლობაზე უარი განაცხადა.
„ეს იყო “ვივუსი”, რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს არ შეეხებათ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება იმას, როგორ უნდა გაიგოს მოქალაქემ, გაუნულდა თუ არა მთავრობის ახალი ინიციატივით, სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნება, სადაც მოქალაქეები შეძლებენ, გადაამოწმონ, არიან თუ არა მათ რიცხვში, ვისაც ინიციატივა ეხება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბაზები შეჯერდება და ვებ-გვერდი ხელმისაწვდომი დაახლოებით, 3 დეკემბრისთვის იქნება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.
მინისტრის თქმით, სესხები იმ ადამიანებს გაუუქმდება, ვისი დავალიანების ძირი თანხა 2000 ლარს არ აღემატება და 2018 ბოლო ერთ წელიწადში სესხის გადახდის კუთხით არაფერი დაფიქსირებულა მისი მხრიდან. ეს თარიღი 2018 წლის 1 იანვრიდან აითვლება.