მმართველი გუნდი ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვას აბსურდულს უწოდებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ეს პრაქტიკა 2012 წელს არსებობდა, ახლა კი ვერც წარმოუდგენია მსგავსის არსებობა.
"საჭიროა, რეალურად გავიგოთ, რას ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება პირადობების ბეჭდვას, როგორც მოვლენას, ძალიან კარგად მახსოვს, 2012 წელს, როდესაც თავად ვიყავით საიას თავმჯდომარე არჩევნების ერთ-ერთი მთავარი დამკვირვებელი ორგანიზაცია, მაშინ ძალიან მასშტაბური სახე ჰქონდა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვას. პასუხისგებაშიც კი არის მიცემული ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ბეჭდავდა ყალბ პირადობის მოწმობებს, მაშინ გიორგი ვაშაძე იყო ამ უწყების ხელმძღვანელი, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა. ეს ფაქტი დადასტურებულია, დასჯილია ადამიანი და ვინაიდან რაღაცა მსგავსი ბრალდება მოვისმინეთ გუშინ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა, ვინც ბრალდებებზე საუბრობდნენ, ხელი შეუწყონ გამოძიებას.
ვერც კი წარმომიდგენია, რომ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვას ჰქონოდა ადგილი, თუ ასეთი რამ მოხდა, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
უმრავლესობის წევრმა, ასევე, წინასაარჩევნო გარემო და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შანსები შეაფასა:
"წინასაარჩევნო პროცესი, ნამდვილად არ ყოფილა ის საარჩევნო პროცესი, რომლითაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია იამაყოს. სამწუხაროდ, ეს იყო ძალიან მძიმე, ნეგატიური, პოპულიზმით, ურთიერთ ბრალდებებით, შეტევებით, შეურაცხყოფებით აღსავსე.
მთლიანად, საარჩევნო პროცესი ძალიან დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა. არ მგონია, რომ რამე განსაკუთრებულ პრობლემას შეიძლება უნდა ელოდოს ქვეყანა. მგონია, რომ არჩევნები დასრულდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით" - დასძინა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურის გაყალბების მიზნით, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება ხდება.
მათი თქმით, წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა. ამ პროცესს კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე ხელმძღვანელობენ.
დღეს, პროკურატურაში მთელი დღის განმავლობაში ფაქტის მოკვლევა ხდება. მესამე სექტორის წარმომადგენლები უკვე გამოიკითხნენ. ამ წუთებში კი სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარისა და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის გამოკითხვა მიმდიანრეობს.