დავით ზალკალიანი - გამოძიება დაამტკიცებს, რომ ყალბი ID ბარათების შესახებ ინფორმაცია არის ცრუ, ამას არაფერი აქვს საერთო არჩევნების გაყალბებასთან

22:31 11-21-2018
88

გამოძიება დაამტკიცებს, რომ ყალბი ID ბარათების შესახებ ინფორმაცია არის ცრუ, ამას არაფერი აქვს საერთო არჩევნების გაყალბებასთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარებმა დავით ზალკალიანს მოუსმინეს.

ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ ისაუბრა ყალბი ID ბარათების საკითხზე. მისი თქმით, „საქართველოდან შემაშფოთებელი სიგნალები მოდის, რომ ხელისუფლება ყალბი ID-ბარათების გამოცემით აყალბებს არჩევნებს და იყენებს ადმინისტრაციულ რესურს არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესაცვლელად“.

ამასთან, იაცეკ სარიუშ ვოლსკის განცხადებით, „არჩევნების მეორე ტური საკმაოდ უჩვეულო დროს, ოთხშაბათს დაინიშნა, რაც ოპოზიციის წევრებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემას ურთულებს“.

როგორც დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტარის კითხვის პასუხად განაცხადა, პროკურატურამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება დაიწყო, თუმცა მისივე თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის ყალბი ID ბარათების გავრცელების შესახებ ინფორმაცია. სად არის მტკიცებულებები და კონკრეტული მაგალითები. პროკურატურამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება დაიწყო. ისინი ვინც ყალბი ID ბარათების გაცემის შესახებ საუბრობენ, არ ასახელებენ კონკრეტულ სახელებს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ საჯარო განცხადებები, რომ მათ იციან ამ საკითხის შესახებ, თუმცა არ არიან ვალდებული კონკრეტული მონაცემები წარადგინონ.

გამოძიება გაგრძელდება და დაამტკიცებს, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომ მას არაფერი აქვს საერთო არჩევნების გაყალბებასთან. მთავარი მიზანი, რატომაც ოპონენტები ამას აკეთებენ ის არის, რომ მეორე ტურის წინ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მთავრობა არჩევნებს აყალბებს. თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მეორე ტური ჩატარდება გამჭვირვალედ, დემოკრატიულ გარემოში და მთავრობა უზრუნველყოფს ყველა პირობას დემოკრატიული არჩევნებისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა რომ შეძლონ, ეს დღე მთავრობამ უქმედ გამოაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ხდება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. იმისთვის, რომ მოქალაქეებმა არჩევნების პროცესში მონაწილეობა შეძლონ, მთავრობამ ეს დღე უქმედ გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, თავისი კონსტიტუციური უფლებით ისარგებლოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაოცებულია, როდესაც ევროპარლამენტში არჩევნების გაყალბების საკითხზე საუბრობენ. დავით ზალკალიანის თქმით, როგორ შეიძლება, საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

„მე ცოტა გაოცებული ვარ იმის მოსმენით, რომ ჩვენ არჩევნების გაყალბებაზე ვსაუბრობთ. როგორ შეგვიძლია, ვისაუბროთ არჩევნების გაყალბების შესახებ, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, არჩევნების მეორე ტური გვაქვს. არჩევნები ჯერ დასრულებული არ არის. ჩვენ გვაქვს ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისგან ძალიან დადებითი და სამართლიანი შეფასება.

ამ არჩევნებს აკვირდებოდნენ უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ეუთო, ნატო-ს საპარლამენტო მისია, დამოუკიდებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ არჩევნების  პირველ ტურთან დაკავშირებით ძალიან დადებითი შეფასება გააკეთეს, რომ არჩევნები შეესაბამებოდა ყველა დემოკრატიულ სტანდარტს, ჩატარდა გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. ის ფაქტი, რომ მეორე ტურისთვის ვემზადებით, ჩვენი დემოკრატიის სიმწიფეს აჩვენებს. როგორ შეგიძლიათ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი, პარადოქსულია ასეთი დასკვნების მოსმენა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.