ზაზა ოქუაშვილის მორიგი სკანდალური განცხადება - რას ყვება ბიზნესმენი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე და ბიზნესის რეკეტზე

00:58 11-22-2018
475

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილი ტელე "იმედის" ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს. ამის შესახებ ოქუაშვილმა გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" განაცხადა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით წინ უძღოდა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, რომ შექმნილიყო მათ შორის პოზიტიური განწყობა.

"ომეგა ჯგუფის"  დამფუძნებლის განცხადებით, მას შემდეგ რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ომეგა ჯგუფი" აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები გასცა, "ქართუ ბანკმა" კი კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი გამოუყო.  

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „ომეგა ჯგუფს“ ჰქონოდა პოზიტიური განწყობა და სწორედ ამას მოჰყვა ის დავალებები, რომელიც შემდგომ მას უნდა შეესრულებინა. 

რაც შეეხება რესტრუქტურიზაციას, მისი თქმით, რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. მიზეზი კი სავარაუდოდ, სწორედ ის ყალბი ინტერვიუა, რომელიც "იმედის" ეთერში წინასაარჩევნოდ უნდა გასულიყო და არ გავიდა. 

მას შემდეგ რაც ეს ინტერვიუ არ გავიდა ეთერში, ზაზა ოქუაშვილს "ომეგა ჯგუფის" ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარი უთხრეს. 

ოქუაშვილი ბიზნეს რეკეტით დაკავებული ყველა პირის დასჯას ითხოვს. 

„აუცილებლად პასუხი აქვს საგები ყველა იმ ფეოდალს ვინც ამ ფეოდალურ რეკეტში მონაწილეობს. დასაჭერია პირველ რიგში ივანიშვილი. მაგრამ ვინ უნდა დაიჭიროს გახარიამ? ყველამ უდნა აგოს პასუხი,“-განაცხადა "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა.

როგორც ოქუაშვილი „კვირის აქცენტებში“ ამბობს, ეს ინტერვიუ 27 ოქტომბერს უნდა გაეკეთებინა, ტექსტი კი წინასწარ იყო განსაზღვრული.

"რუსთავი 2" - ის ტელეწამყვანმა ეკა კვესიტაძემ, პირდაპირ ეთერში, სავარაუდოდ დაწერილი წინასწარი ინტერვიუც წაიკითხა:

ზაზა ოქუაშვილი: მთელი ცხოვრება ბიზნესში ვარ, ნულიდან დავიწყე და ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ყველაფერს ვკარგავდი. საბიუჯეტო დავალიანება, რასაკვირველია, არის და არასდროს მის გადახდაზე უარი არ მითქვამს, უბრალოდ ეს გამოწვეული იყო დემპინგით და ადგილობრივი წარმოების არასწორი პოლიტიკით. რას ვითხოვდი? ვალის რესტრუქტურიზაციას ვითხოვდი სახელმწიფოსგან რომ წარმოებას ემუშავა და ხალხი არ დარჩენილიყო ქუჩაში. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ხელისუფლების ასეთი ხისტი პოზიცია, იმის მაგივრად რომ დახმარებოდნენ ადგილობრივ წარმოებას და დემპინგი გაეჩერებინათ, ულტიმატუმებით მელაპარაკებოდნენ. ფინანსთა მინისტრთან ვიჩხუბე კიდეც. შემოსავლების სამსახურიც მპირდებოდა, რომ აქციზურ მარკებს გასცემდა სახელმწიფო და წარმოება არ გაჩერდებოდა, მაგრამ მანაც ვერაფერი გააკეთა.  ამ ვითარებაში სხვა გამოსავალი ვერ დავინახე და გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეცნო, რომ ქარხანას აკოტრებდა ხელისუფლება და ათასობით ადამიანი რჩებოდა უმუშევარი. მე დიდი პრესკონფერენციის მოწყობას ვაპირებდი და ცხადია რუსთავი 2-იც საქმის კურსში ჩავაყენეთ. ამ დროს დამიკავშირდნენ გვარამია და მერე სააკაშვილიც და თქვეს, რომ წუხდნენ ჩემს მდგომარეობაზე. მითხრეს, რომ ძველად შენთან მაგრად შეგვეშალაო და აგინებდნენ ირაკლი ოქრუაშვილს, მაგის ბრალი იყოო ყველაფერიო. მერე თქვეს, რომ კომპრომატები იყო საჭირო ხელისუფლებაზე და რამე ფაქტი მიმეცა, ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის დასაგეგმად, თუ როგორ გძალავდნენ ფულსო. მე ვუთხარი, ბიჭო, ვინ დაიჯერებს მილიარდერი კაცი ფულს რომ მძალავდათქო. ან ქრთამი რაში უნდა გადამეხადა? რა გამიკეთეს ცუდი მეტი, რომ ვინმესთვის რამე მიმეცა თქო?

ჟურნალისტი: გამოდის ივანიშვილს ფული თქვენთვის არ მოუთხოვია?

ზაზა ოქუაშვილი: რა საკვირველია, არ მოუთხოვია, და არც არავისზე არ ვაპირებ ხარკის გადახდას, ხოლო ეს შავი პიარის სცენარები ვისი ხელობაა, თვითონაც მიხვდებით.

ჟურნალისტი: აბა ყიფიანის ჩანაწერები რა იყო, ან თქვენი ინტერვიუ?

ზაზა ოქუაშვილი: ყიფიანი ცალკე თემაა და მაგ კაცთან მე ჩემი ანგარიშები მაქვს, და მაგ საქმეს მივიყვან ბოლომდე აუცილებლად. მაგრამ პოლიტიკურ თამაშებში ჩემი გამოყენების საშუალებას არავის მივცემ, არც ნაცების ინტერესები მაინტერესებს და არც ქოცების. მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების სცენარში მონაწილეობას არ ვაპირებ და არც რუსთავი 2-ის დადგმულ ფაბრიკაციებში გავაგრძელებ აწი მონაწილეობას. მე პოლიტიკაში არაფერი მესაქმება, მე ბიზნესმენი ვარ და ჩემი საქმე მეწარმეობაა და არ მინდა ჩემი უამრავი თანამშრომელი და ტელევიზიის ჟურნალისტები ვიღაცის პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცნენ. მინდა, რომ ფაბრიკამდა ტელევიზიამ იმუშაოს და სიბინძურე დასრულდეს.

ჟურნალისტი: ეხლა რას აპირებთ ბატონო ზაზა?  

ზაზა ოქუაშვილი: ამ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ბიზნესს შეუძლია და ვაპირებ ბრძოლას ბიზნესის ინტერესების და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისათვის. რევოლუციისათვის ფულის დახარჯვას მირჩევნია ბიუჯეტში შევიტანო და ვნახოთ როგორ მოიქცევა ხელისუფლება, თუ უნდა რომ ადგილობრივმა წარმოებამ იმუშაოს და ხალხი არ დარჩეს უმუშევარი, მე მზად ვარ ყველაფერი გავიღო ამისთვის და თუ შემხვედრ ნაბიჯებს ვერ დავინახავ გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას უცხოეთის სასამართლოებში" - იუწყება "რუსთავი 2".