მაინტერესებს, ეყოფათ თუ არა გამბედაობა ამ ბრალდების ავტორებს, თქვან, რომ იცრუეს - სოსო გიორგაძემ შესაძლოა სამართლებრივი დავა დაიწყოს

01:28 11-22-2018
524

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ, შესაძლოა, მესამე სექტორის წარმომადგენლების მიმართ, მათ მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სამართლებრივი დავა დაიწყოს.

"წარმოვადგინე კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ვიყავი მივლინებაში და არანაირი დოკუმენტის გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. რადგან აქცენტი კეთდებოდა არაელექტრო მოწმობებზე, წარვადგინე დოკუმენტაცია, რომ შემცირებულია ასეთი მოქალაქეების რაოდენობა. მაინტერესებს, ამ ყველაფრის მერე, როცა დადასტურდება, რომ ეს იყო სიყალბე, ეყოფათ თუ არა გამბედაობა ამ ბრალდების ავტორებს, თქვან, რომ იცრუეს. მეორე მხრივ, მე მაქვს კითხვა, რაში დაგჭირდათ ასეთი სიცრუისა და სიყალბის მოგონება?! ჩემი პირადი რეპუტაცია და იმ ორგანიზაციის რეპუტაცია, სადაც ვმუშაობთ, სასტიკად შეილახა. თამამად მინდა ვთქვა, არც ერთი პარტიის ინტერესი არ დგას ჩემი და ჩემი ოჯახის ღირსებაზე მაღლა, ეს ადამიანები ყველაზე უსინდისოდ ებრძვიან ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს - ღირსებას.

ბუნებრივია, დაველოდები შედეგებს და მე ვიბრძოლებ ყველგან ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად, სადაც კი შესაძლებელია", - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

სოსო გიორგაძის თქმით, ორშაბათს, 26 ნოემბერს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს სააგენტოს სამუშაოების შესახებ დეტალურ და შესაბამის მტკიცებულებებს წარუდგენენ.

სოსო გიორგაძეს პროკურატურაში დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში კითხავდნენ.

შეგახსენებთ, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურის გაყალბების მიზნით, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება ხდება.
მათი თქმით, წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა. ამ პროცესს კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე ხელმძღვანელობენ.

დღეს, პროკურატურაში მთელი დღის განმავლობაში ფაქტის მოკვლევა ხდებ​ოდა. გამოიკითხნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე, მათ მიერ დასახელებული პირები.

ავტორი: