„უპრეცედენტოა დახმარების ეს მასშტაბები“ - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, „ქართუს“ მიერ გაწეულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში დაეხმარა ფონდი „ქართუ“ რაგბის კავშირს. რაგბის მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. მათ შორის, თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელო არენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი. რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა გაჩნდა: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.
გოჩა სვანიძის ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხრიდან დახმარება სტადიონების პროგრამით დაიწყო და დღესაც რამდენიმე მიმართულებით გრძელდება.
„რომ არა ფონდ ქართუს დახმარება ჩვენ აქამდე ნამდვილად ვერ მოვიდოდით. უპრეცედენტოა დახმარების ეს მასშტაბები და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“ - აცხადებს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.
ფონდ „ქართუს“ როლი ქართული რაგბის განვითარებაში ასეთია: ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა. "ქართუს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული მასშტაბური ქველმოქმედება საერთაშორისო ორგანიზაცია "მსოფლიო რაგბიმ" უპრეცენდენტო მოვლენად აღიარა და რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას პრიზიც კი გადასცა.
სწორედ ფონდ „ქართუს“ მიერ შექმნილმა ინფრასტრუქტურამ გახადა შესაძლებელი, 2017 წელს საქართველოს მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემასპინძლა. აქედან გამომდინარე, რეგიონში სწორედ საქართველოს აქვს ყველაზე განვითარებული სარაგბო ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ აისახა ქართველი ბორჯღალოსნების წარმატებაზე. ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.