"არ მაქვს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს" - ლევან ნატროშვილი დაკითხვაზე მივიდა

18:01 11-22-2018
187

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი მივიდა.

გამოკითხვაზე შესვლამდე, ნატროშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია, ჩაატარა თუ არა სახელმწიფო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა რაიმე სახის თათბირი, არ აქვს:

„ჩვენ არ გვითქვამს ასეთი რამ, რომ მან უშუალოდ რაღაც თათბირი ჩაატარა, ანუ ამის შესახებ მე არა მაქვს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს” - ამბობს ნატროშვილი.

საგამოძიებო უწყებაში დღეს ასევე უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს. 

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ გუშინდელი გამოკითხვისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვერ დაასახელეს სად და ვის მიერ იქნა გამართული თათბირი, სადაც, მათი ინფორმაცით გაიცა შესაძლო უკანონო დავალება.

ასევე, ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე ფაქტობრივად იმეორებდნენ მათ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ტექსტს და რაიმე კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით მათ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

შეგახსენებთ, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების მეორე ტურის გაყალბების მიზნით, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება ხდება.

მათი თქმით, წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა. ამ პროცესს კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე ხელმძღვანელობენ.

გუშინ, პროკურატურაში მთელი დღის განმავლობაში ფაქტის მოკვლევა ხდებ​ოდაგამოიკითხნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე, მათ მიერ დასახელებული პირები: სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე.

 

ავტორი: