დღეს, ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან ზუსტად 14 წლის შემდეგ, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას, დიდუბის ეკლესიასთან მემორიალი გაიხსნება. ამის შესახებ სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლებმა განაცხადეს.
მათი თქმით, ეს მემორიალი წინა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება, რადგან საზოგადოების ყველა წევრს კარგად ახსოვდეს, ცხრაწლიანი რეჟიმის დროს მომხდარი სისხლიანი დანაშაულებები.
თბილისში, დიდუბეში, 2004 წლის 23 ნოემბერს პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის ბუტა რობაქიძეც იჯდა.
პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ, პატრულის მაშინდელმა თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა კი ორი ტყვია გაისროლა და ბუტა რობაქიძე ადგილზე მოკლა.
მეორე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა“, რომელსაც შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე ხელმძღვანელობდა, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები, მათ შორის რობაქიძის გვამთან.
მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, მთავარმა პროკურატურამ საქმის ხელახალი ძიება დაიწყო. პროკურატურამ ხელახალი გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა ახლადშექმნილი „პატრულის იმიჯის“ გადასარჩენად, შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანეს და მტკიცებულებები გააყალბეს. უწყების ინფორმაციით, ამ დანაშაულში მონაწილეობდა გურამ დონაძეც, რომელსაც ხელს რამდენიმე ადამიანი ადებს. მათ შორის, ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე, რომელიც 2004 წელს მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა.
საქმეზე, სასამართლო პროცესები ახლაც მიმდინარეობს.