"რევოლუციას ვერ გაბედავენ, რადგან ხალხის რეალური მხარდაჭერა არ აქვთ"- ირაკლი სესიაშვილი აუდიოჩანაწერზე

12:46 11-23-2018
342

არავის უკვირს, რომ მიხეილ სააკაშვილს რევოლუციური ფიქრები აქვს და არავის გაკვირვებია ამ ჩანაწერის, უბრალოდ, ეს რეალური ხმით მოვისმინეთ, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განუცხადა.

„სააკაშვილს აქვს ერთი პროფესია და ერთადერთი რამ იცის, ესაა რევოლუციის მოწყობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

სესიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება გამოფხიზლდა და გაიხსენა როგორი ხელისუფლება ჰყავდა.

„ჩვენ დავინახავთ ნაბიჯებს, რაზეც საუბრობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავენ, რადგან მათ ხალხის რეალური მხარდაჭერა არ აქვთ. მეორე ტურის შემდეგ დავინახავთ, სად არის „ნაციონალური მოძრაობა“ და სად არის ქართველი ხალხი“, –  განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.