გიორგობა - პატრიარქის ქადაგება

13:26 11-23-2018
125

პატრიარქმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა:

ძველ დროს, არ იყო ისეთი სოფელი, ისეთი ქალაქი, რომ წმ. გიორგის სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო. წმიდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველო გრძნობს ამას. 

არის აზრი, რომ დიოკლიტიანეს მიაჩნდა გიორგი ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ რომ გაიგო, რომ ის ქრისტიანია და უარყოფდა კერპთაყვანისმცემლობას, დაიწყო მისი წამება. როცა მას აწამებდნენ და იცლებოდა სისხლით, მას მოესმა მაცხოვრის სიტყვები: გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. ჩვენც ასეთი რწმენით, ასეთი სიყვარულით ვგრძნობთ, რომ წმიდა გიორგი ჩვენთანაა. ბედნიერია ჩვენი ერი, რომელსაც წმიდა გიორგი მფარველობს - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ, მას შემდეგ რაც მრევლს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც მიულოცა, საპრეზიდენტო კანდიდატებს სიტყვით მიმართა:

ბედნიერი ვარ, რომ დღეს, ჩვენთან, წმიდა სამების ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, საპრეზიდენტო კანდიდატები: სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოთ გამარჯვებული. წმიდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. მოვამზადე წმ. გიორგის ხატები თქვენთვის და მინდა გადმოგცეთ - იქადაგა პატრიარქმა და საპრეზიდენტო კანდიდატებს საჩუქრად ხატები გადასცა.

 

ავტორი: