"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, გიორგი ონიანის განცხადებით, პროკურატურას აქვს საკმარისზე მეტი ინფორმაცია, რომ ძალიან კარგად წარმართონ გამოძიება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
"ყველა ის ინფორმაცია აქვს და საკმარისზე მეტიც გამოძიებას, რომ ძალიან კარგად წარმართონ გამოძიება. მათ იციან უწყებები, მათ იციან ადგილები, მათ იციან შესაძლო მონაწილე პირები - შესაძლო უნდა დავარქვათ, იმიტომ, რომ ბუნებრივია, ჯერ უნდა დამტკიცდეს ყველაფერი. რაც გამოძიებას სჭირდება, ყველა ინფორმაცია მათ ხელთაა, რომლითაც მათ შეუძლიათ დაადასტურონ ამ ინფორმაციის ან სიმართლე, ან ტყუილი. სარწმუნო რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამ ინფორმაციას არ გავახმაურებდით. მისი ნაწილის გადამოწმება ვცადეთ, რომელიც დადასტურდა, ამიტომ ჩავთვალეთ სარწმუნოდ", - განაცხადა ონიანმა.
როგორც ონიანი აცხადებს, სოსო გიორგაძე და შიდა აუდიტის უფროსი ჩართულები იყვნენ ამ სქემაში და ესწრებოდნენ კიდეც თათბირს.
"ვერც წყაროს დაგისახელებთ და ვერც ვერაფერს, რამაც შეიძლება მის იდენტიფიკაციამდე მიგვიყვანოს. ამ დეტალების თქმას ვერიდებით. ასე რომ ვერ დაგიდასტურებთ, რომ თათბირს ეს პირი ესწრებოდა. როდის ჩატარდა თათბირი? თუ დააკვირდებით, ჩვენი განცხადება გაკეთდა 20 რიცხვში და დაახლოებით 10 დღის წინ ჩატარდა. თარიღად 5 ნოემბერს არ გიდასტურებთ. ვინც ეს თარიღი დაასახელა, კომენტარისთვის მათ მიმართეთ", - აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.