ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ 2012 წლის არჩევნებთან შედარებით, ეს საპრეზიდენტო არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯია. ამავდროულად, ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, სწორ გზაზე დგას.
გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა "ამერიკის ხმას" მისცა:
"ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს დავესწარი. საქართველო პირადად ჩემი, ლიტვისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიისა და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ლიდერია და ბალკანეთის იმ სახელმწიფოების გვერდით დგას, რომელთაც მსგავსი მიზნები აქვთ.
მეორეს მხრივ, წუხილის ბევრი მიზეზიც გვაქვს. არჩევნებმა მშვიდად და გამართულად ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო კამპანიისას, რა დროსაც ტემპერატურა მაღალი იყო, პრობლემებმა იჩინა თავი. ვნახეთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ძალიან არაპროპორციულად ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებდნენ. ეს კი დემოკრატიისათვის სასარგებლო არ არის. ამას გარდა, ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუფერებლად, მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოსაჩენად იყენებდნენ. 2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრეს-კონფერენციისას ვისაუბრე. ეს საქართველოს მომავლისათვის სასარგებლო არაა.
დარწმუნებული ვარ, [მომხდარი] საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ვხედავ ნიშნებს, რომელიც მაწუხებს" - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
რაც შეეხება ქვეყნის შედეგებს, ვარდების რევოლუციის მეთხუთმეტე წლისთავზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი:
"ვფიქრობ, საქართველო სწორ გზას ადგას. ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ მან დემოკრატიაში იცხოვროს. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი - არა ხვალვე, მაგრამ აუცილებლად გახდება. წინა, დღევანდელი ხელისუფლება ამაზე ზრუნავდა. თუმცა დღეს პოლიტიკოსებს ვთხოვ და ვურჩევ, შეთანხმდნენ საკვანძო საკითხებზე. პოლიტიკა პოლიტიკოსებს სხვადასხვაგვარად ესმით, მაგრამ სასარგებლო იქნებოდა, თუ თუ ისინი მოახერხებდნენ ქვეყნის მომავლის, ან მისი განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შემუშავებას" - ამბობს იუკნევიჩიენე.
სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ "ამერიკის ხმა"-ზე.