გია აბაშიძე: "არაორდინალურ, ბინძურ და ემოციურად დამღლელ საარჩევნო პერიოდში ვართ"

14:12 11-24-2018
108

"არაორდინალურ, ბინძურ და ემოციურად დამღლელ საარჩევნო პერიოდში ვართ" - ამის შესახებ პოლიტოლოგია გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და ვრცლად აკეთებს იმის ანალიზს, პოლიტიკური თვალსაზრისით, თუ რა მოცემულობაა საქართველოში. წერილს "პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:

"პოლიტიკური ფიქრები გიორგობაზე

გაგანია წინასაარჩევნო პერიოდია და ბევრი კოლეგის მსგავსად, ვმუშაობ, ვაანალიზებ, ვწერ, საჯაროდ გამოვდივარ, ვფიქრობ... აღარ დავკონკრეტდები თუ რა არაორდინალური, ბინძური და ემოციურად დამღლელი საარჩევნო პერიოდში ვართ. ერთადერთი პოზიტივი ისაა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და პოლიტიკურ კომპასზე გაირკვა თუ ვინ საითაა. კარგია ისიც, რომ შეკითხვაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს 28 ნოემბერს, პასუხი არავის გვაქვს. არც შინ, არც გარეთ.

ძალიან ცუდია ის მოცემულობა, რაც გვაქვს - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის, მისი პარტიისა და ბელარუსი/რუსი [შკლიაროვი რუსეთის მოქალაქე არაა, მაგრამ CNN-ს 2017 წ. 10 სექტემბრის ინტერვიუში თქვა, რომ ბელარუსული პასპორტისა და ამერიკული კავშირების მიუხედავად, საკუთარ თავს რუსეთის კულტურის ნაწილად მიიჩნევს] მიერ დაანონსებული „რევოლუცია“ სულ უფრო მძაფრ კონტურებს იძენს.

1. მეუფლება განცდა, რომ გამოცხადებული „რევოლუციის“ სცენარში მონაწილე „აქტიორებმა“ ნებსით თუ უნებლიედ, საკუთარი როლი უნდა შეასრულონ და ასრულებენ კიდეც. ვხედავთ ავანსცენაზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერებს, რომლებიც ოპონენტებს ყალბი ამბების, დეზინფორმაციისა და საჯარო ბულინგის ქარცეცხლში ახვევენ და ამასთან, „ქადაგებენ“ მთავარს - პირველ ტურამდე პერიოდის მსგავსად, გვამცნობენ, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბებისათვის ემზადება ხელისუფლება და, უწინარესად, ცესკო, რითაც ახდენენ არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგ დისკერედიტაციას, არამედ ცდილობენ საარჩევნო პროცესის დელიგიტიმაციას. ამ ჩემეული აღქმის სცენარში, საინტერესოდ გაიელვა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 19 ნოემბრის განცხადებამაც, სადაც საუბარია რა ამომრჩეველზე ზეწოლის რამდენიმე სავარაუდო ფაქტზე, ექსტრაპოლირებულადაა ნათქვამი, რომ ამ ფაქტებმა [21 ნოემბერს დააკონკრეტეს, ცალკეულ რაიონებში ზეწოლა-მუქარის 40 ფაქტი] შეიძლება „საარჩევნო პროცესსა და მისი ლეგიტიმაციას თემას ჩრდილი მიაყენოს“...

2. ამ დაწერილ-დაუწერელ „სცენარში“ ვხედავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის [რამდენიმე და არა მთლიანად სამოქალაქო სექტორი] ჯერ კიდევ დაუსაბუთებელ მძიმე და ირიბ ბრალდებებს მომხდარ თუ მოსახდენ ყალბი პირადობის მოწმობების ‘დაბეჭდვაზე’ [ოღონდ ჯერ ეგეც ვერ გავიგეთ - ძველი ტიპის თუ ახალი, „ჩიპიანი“]; ამასთან, ბატონმა უსუფაშვილმა გვამცნო უკვე „შეთანხმების ფორმულა“ – „იმისთვის, რომ საზოგადოება არჩევნების შემდეგ გაძლიერდეს, აუცილებელია, 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები [ამასვე ითხოვს მიშა, ვაშაძე & Co] ჩატარდეს, რის შემდეგაც 2018 წლის 28 ნოემბერს არჩეული პრეზიდენტი უნდა გადადგეს“.

3. პოლიტიკური მომენტის გამოსაყენებლად, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ ამჟამად და ახლა ვადამდელი საპარლამენტოს მოთხოვნა გასაგებია ყველა შემთხვევაში, მოიგებს თუ წააგებს ვაშაძე. თუ მოიგებს, პრეზიდენტისათვის ადვილია არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან იმის მოთხოვნა, რომ მისი პარტია საქართველოს რჩეულია, საზოგადოებას აღარ სურს „ქართული ოცნება“, ამას შეიძლება მიამატო მის მიერ „დოიჩე ველეშიგამოთქმულიც, რომ ქუჩაში გამოიყვანს 50-100 ათასს ადამიანს, ცხადია ამდენს ვერა [ამომრჩველის რაოდენობა ერთია, ხოლო კრიტიკული მასა სხვა], მაგრამ მართული მედია-საშუალებებით ეს ამგვარად წარმოჩინდება და ა.შ.

4. თუ წააგებს და „წინაპირობები“ უკვე შექმნილია - არჩევნები „გაყალბდა“, ხომ ვამბობდით ამას? აგერ არასამთავრობოები [ცხადია არ იტყვიან რამდენიმეს] ამასვე ადასტურებენ და ა.შ.
ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციები ანდა ბატონი უსუფაშვილი შკლიაროვის მსგავსად, საკუთარ თავს რუსულ კულტურას მიაკუთვნებენ. ღმერთმა დამიფაროს! ჩემშიც და საზოგადოების საგრძნობ ნაწილში შინ და გარეთ, ისინი დასავლური ღირებულებების მატარებელნი არიან. ხშირად გვინახავს, გაგვიგია, რომ ამერიკელები მათ მხარს უჭერენ. ცხადია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, „ვოჩდოგები“ [მეთვალყურენი] მათი ცნობადი წარმომადგენლებითურთ, აუცილებელია ლიბერალური დემოკრატიის განვითარება-განმტკიცებისათვის.

რატომ დავფიქრდი ამერიკელებზე? ჩვენ საზოგადოებაში ‘ტერმინი’ ამერიკელი/ამერიკელები პოლიტიკურ კონტექსტში აღიქმება როგორც ოფიციალური ვაშინგტონი, თეთრი სახლი. ამ აღქმებში თუნდაც თეთრი სახლი, კაპიტოლიუმი [კონგრესის ადგილსამყოფელი], ცალკეული ამერიკელი პოლიტიკოსები მიჩნეულია ერთ მთლიანობად. ჩვენში ძალიან ცოტა თუ ერკვევა აშშ-ის შიდა პოლიტიკურ პერიპეტიებში. მხოლოდ ზოგადად ვიცით, რომ პრეზიდენტ ტრამპს ძალიან არ მოწონს ჰილარი კლინტონი და „დემოკრატები“. სიღრმეები, დინამიკა ბევრმა არც იცის და არც მოეთხოვება, ეს სხვათა, ადამიანთა უფრო ვიწრო წრის განსჯისა და, ასე ვთქვათ, ჩაანალიზების სფეროა. ისიც გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს ტრამპისტად [ჩემი შეფასებით, ეს საგარეო მოხმარებისათვის ნათქვამი ნარატივია] მოიაზრებს, თუმცა ბევრმა ისიც არ იცის, რომ შარშან, თბილისში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლისას, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მას გულწრფელად ერჩივნა ქალბატონი კლინტონის აშშ-ის პრეზიდენტად ხილვა. მესმის, პოლიტიკური გემოვნების ანდა კონიუქტურის საკითხია ის, თუ სააკაშვილი ‘ტრამპისტია’ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი ‘ჰილარისტი’.

დავუბრუნდეთ ჩემ სუბიექტურ ფიქრებს იმაზე თუ, რა კავშირია აქაური „რევოლუციის“ ნებსითი თუ უნებლიე აქტიორსა და ამერიკელებს შორის. შეკითხვა იბადება - რომელ ამერიკელებზეა საუბარი? ტრამპის „რესპუბლიკელების“ თუ, ასე ვთქვათ, ჰილარი კლინტონის „დემოკრატების“? ამერიკაში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ გალაშქრებული „დემოკრატი“ ზოგიერთი პოლიტიკოსი მას სხვა „ცოდვებთან“ ერთად, ბრალს სდებს "რუსეთუმეობაში", პუტინის „მოკავშირეობაში“. აქაური სამოქალაქო საზოგადოების თუ პოლიტიკოსთა საგრძნობი ნაწილი არ მალავს, რომ ამერიკულ პოლიტიკაში იხრებიან „დემოკრატებისკენ“ და პირად თუ არცთუ ისე საჯარო გამოსვლებში ლანძღავენ ტრამპს და მის პოლიტიკას.

გადაჭარბებაში ნუ ჩამითვლით და იმასაც ვამჩნევთ, რომ ხშირად არის, უხეშად რომ ვთქვათ, ასეთი ნარატივებიც - „პუტინის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას უქმნის საფრთხეს და პუტინის მარიონეტი ტრამპი, რომელიც მასთან ვალშია საფრთხეს უქმნის ამერიკის დემოკრატიას“... განვრცობა და ნარატივების ასე პარალელურ და ერთსა და იმავე სიბრტყეში ერთგვარი დანახვა უსასრულოდ შეიძლება.

უბრალოდ საჯაროდ გამოვთქვი ჩემი პირადი, სუბიექტური ფიქრები აქაურ და ამერიკელ პოლიტიკურ აქტიორებზე, სავარაუდო თანხვედრაზე, სავარაუდო თანამოკავშირეობაზე და ასე შემდეგ. დანარჩენი კი კომენტარებში შეგიძლიათ განავრცოთ თანხმობით, ოპონირებით, კამათით, თუნდაც იგნორით და ა.შ" - წერს აბაშიძე.