ნათია მეზვრიშვილი: ინფორმაცია პოლიციის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით არასათანადო რეაგირების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს

14:48 11-24-2018
81

"ინფორმაცია პოლიციის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით არასათანადო რეაგირების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას ინფორმაცია წინასააჩევნო პერიოდში მომხდარ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების შესახებ მიაწოდა.

"ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთი მედიასაშუალების და ცალკეული პირების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მომხდარ დანაშაულებზე თითქოსდა არასათანადო რეაგირების შესახებ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი მესიჯები ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას და ახალისებს ძალადობას იმ ფონზე, როცა არჩევნების დღეს პოლიციის ჩარევის შედეგად ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა იქნა თავიდან აცილებული და დღეის მდგომარეობით სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობის ფაქტებზე 21 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

გაცნობებთ, რომ ჯერ კიდევ არჩევნების გამოცხადებამდე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ. პოლიციის აქტიური მუშაობის შედეგად, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში ძალადობის არაერთი ფაქტი იქნა თავიდან აცილებული" - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, ხოლო მტკიცებულებების მოპოვებისთანავე - სისხლისსამართლებრივი დევნა. მათ შორის, კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე.

"საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალადობის კლებაზე და პოლიციის მხრიდან სათანადო რეაგირებაზე აღნიშნულია საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებშიც.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას მედიასაშუალებებით და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციების გადასამოწმებლად უპრეცედენტო რაოდენობის (231) მოწმე გამოიკითხა ბოლო 48 საათის განმავლობაში. გამოკითხული იქნენ მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, საუბრო საარჩევნო კომისიის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის პენსიონერი და სოციალურად დაუცველი პირები. შედეგად, გამოკითხულ პირთა მიერ ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დადასტურდა, მათ შორის არ დადასტურდა ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენა ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატის გაკვრის დროს. ასევე, არ დადასტურდა ვალეს და სიღნაღის საბავშვო ბაღებში და სკოლებში დასაქმებულების მიმართ ზეწოლა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. დადასტურებულ ფაქტებზე დაიწყება გამოძიება, ხოლო ნაწილის შესწავლა გრძელდება" - ამბობს მეზვრიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, რომლის უმთავრესი ამოცანაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ამ მიზნით, ნებისმიერი სამართალდამრღვევის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი.

"არჩევნების გამოცხადების დღიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, რომლებსაც პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას დანაშაულის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ. მზად ვართ ნებისმიერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას მივაწოდოთ ინფორმაცია გაწეული სამუშაოს შესახებ.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა პირს და ორგანიზაციას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, მოახდინონ პოლიციის ინფორმირება დაუყოვნებლივ იმისთვის, რომ სამართალდამცავების მიერ თითოეული ფაქტის გადამოწმება და სათანადო რეაგირება არჩევნების დღემდე განხორციელდეს" - დასძინა მეზვრიშვილმა.

ავტორი: