საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი არ განხილულა და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს, თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და თითოეული ადამიანი ვალდებულია, რომ მოქალაქეებს უთხრას სიმართლე.
„რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის განცხადებებს, ბუნებრივია, ევროპარლამენტში წარმოდგენილები არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, მათ შორის, ის ძალები, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენს ოპონენტებთან. ჩვენ უნდა ვისაუბროთ კონკრეტული ფაქტებით. კონკრეტული ფაქტი გახლავთ ის, რომ 10-12 დღის უკან მოხდა ანგარიშის დამტკიცება ევროპარლამენტში და 400-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა ამ ანგარიშს. ამ ანგარიშების და სხვა წინა ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა საქართველო აირჩია ერთადერთ ქვეყნად, ვისაც შესთავაზა ის ფორმატი, რა ფორმატზეც მე ვისაუბრე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.